რუსეთ-უკრაინის ომი

რუსეთის სარაკეტო თავდასხმას ხერსონში ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დნიპროპეტროვსკში 25 დაშავდა

SERHIY LYSAK

გამთენიისას, ბოლო სამი დღის განმავლობაში რუსეთის მეორე სარაკეტო და საარტილერიო თავდასხმის შედეგად, ხერსონის რეგიონში ერთი ადამიანი დაიღუპა, დნიპროპეტროვსკში კი 25 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი დაშავდა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის თანახმად, 18 ფრთოსანი რაკეტიდან 15 ქვეყნის საჰაერო თავდაცვამ მოიგერია.

რუსეთის მიერ დანიშნული ე.წ. ადმინისტრაციის წარმომადგენლის, ვლადიმირ როგოვის თქმით, ერთ-ერთი მთავარი სამიზნე დნიპროში ქალაქი პავლოგრადი იყო, სადაც უკრაინული შეტევისთვის განკუთვნილ რესურსებს, სარკინიგზო ინფრასტრუქტურასა და საწვავის საცავებს დაარტყეს.

სარაკეტო თავდასხმის შედეგად ასევე დაზიანდა 19 კორპუსი, 25 კერძო სახლი, 5 მაღაზია და 6 სკოლა და ბაღი. პავლოგრადი ფრონტიდან 110 კილომეტრში მდებარე ქალაქია, რომელსაც უკრაინა აკონტროლებს.

გარდა ამისა, კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, სერგი პოპკოს თქმით, რაკეტები ჩამოაგდეს კიევის საჰაერო სივრცეშიც.

საარტილერიო ცეცხლის, დრონებისა და თვითმფრინავების გამოყენებით დაიბომბა ხერსონის რეგიონიც.

უკანასკნელი სარაკეტო თავდასხმა მოჰყვა სამი დღის წინ განხორციელებულ იერიშს, რომლის დროსაც უკრაინის ცენტრალურ ქალაქ უმანში 23 ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები