რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსული მედია: ბრიანსკში რკინიგზაზე აფეთქების შედეგად მატარებელი რელსებიდან გადავარდა

დაზიანებული ვაგონები

როგორც რუსულ სამთავრობო-პროპაგანდისტულ მედიაში წერენ, ბრიანსკის ოლქში რკინიგზაზე მომხდარი აფეთქების შედეგად მატარებელი რელსებიდან გადავარდა.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა უნეჩის რაიონში, ბრიანსკი-უნეჩის მიმართულების რკინიგზაზე მოხდა. ინფორმაციას ოლქის გუბერნატორი, ალექსანდრ ბოგომაზი ავრცელებს. 

ამ მიმართულებით სარკინიგზო მოძრაობა შეაჩერეს. 

გავრცელებულ ფოტოებში ჩანს ვაგონები, რომლებსაც, სავარაუდოდ, ენერგორესურსები გადაჰქონდათ.

ტელეგრამ-არხი BAZA-ს ინფორმაციით, 60-ვაგონიან მატარებელს ნავთობპროდუქტები გადაჰქონდა. ამავე ინფორმაციით, რკინიგზა მატარებლის დაძვრამდე მცირე ხნით ადრე ააფეთქეს, ვაგონები კი უკვე დაზიანებული რელსებიდან გადავარდა. როგორც BAZA წერს, რელსებიდან გადავარდა 7-8 ვაგონი და გაჩნდა ხანძარი.

აქამდე გავრცელდა ცნობები, რომ ლენინგრადის ოლქში უცნობმა პირებმა ელექტრომომარაგების ბოძი ააფეთქეს და კიდევ ერთის აფეთქება სცადეს.

გასულ დღეს ალექსანდრ ბოგომაზის მტკიცებით უკრაინელთა გახსნილ საარტილერიო ცეცხლს მის ოლქში რუსეთის ორი მოქალაქე ემსხვერპლა. 


2 მარტს კიევის მხარეს მებრძოლი რუსული მოხალისეთა კორპუსი უკრაინიდან რუსეთის ტერიტორიაზე, ბრიანსკის ოლქში გადავიდა და მცირე სამხედრო მოქმედებები ჩაატარა. 

თავდაპირველად ბრიანსკში მომხდარ შეტაკებაში რუსეთი უკრაინელ დივერსანტთა ჯგუფს ადანაშაულებდა. შემდეგ რუსული მოხალისეთა კორპუსის წევრებმა გაავრცელეს ორი ვიდეომიმართვა, რომელშიც მომხდარზე პასუხისმგებლობა აიღეს და რუსეთის მოქალაქეებს ვლადიმირ პუტინის რეჟიმისთვის წინააღმდეგობის გაწევისკენ მოუწოდეს.

რუსეთი ჯგუფს სამოქალაქო პირის მკვლელობასა და შეუიარაღებელი ხალხისთვის ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს, თუმცა ლიდერები და წევრები ამ ცნობას დეზინფორმაციას უწოდებენ.

ამის შემდეგ, 6 მარტს რუსეთმა უკრაინის სპეცსამსახურები და რუსულ მოხალისეთა კორპუსის ნაციონალისტი ლიდერი, დენის კაპუსტინი (ნიკიტინი) ე.წ. "რუსული სამყაროს" აქტიური მხარდამჭერის, ტელეკომპანია და ორგანიზაცია ცარგრადის დამფუძნებლის, ოლიგარქი კონსტანტინ მალოფეევის მკვლელობის მცდელობაში დაადანაშაულა.

მალოფეევი, რომელიც ცარისტული, ულტრანაციონალისტური ორგანიზაციის დამფუძნებელია და პროპაგანდისთვის მართლმადიდებლურ ნარატივს იყენებს, 2014 წელს უკრაინაში დაწყებული სეპარატისტული მოძრაობების ერთ-ერთი მთავარი დამფინანსებელი იყო. ის ე.წ. რუსული სამყაროს პროპაგანდისტია. უკვე რამდენიმე წელია, რაც მალოფეევი დასავლეთის მიერ სანქცირებულ პირთა სიაშია.

რუსული მოხალისეთა კორპუსი უკრაინის მხარეს მებრძოლი ჯგუფია, რომელიც 2022 წლის აგვისტოში დაარსდა.

კომენტარები