რუსეთი

ФСБ-ს მტკიცებით ცარგრადის დამფუძნებელი ოლიგარქის, მალოფეევის მკვლელობა აღკვეთეს

კონსტანტინ მალოფეევი

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) მტკიცებით, აღკვეთეს ცარისტული კომპანია ცარგრადის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის, ამავე სახელის პროპაგანიდსტული ტელეარხის დამფუძნებლისა და რუსი ოლიგარქის, კონსტანტინ მალოფეევის მკვლელობის გეგმა. 

ФСБ მკვლელობის დაგეგმვაში უკრაინულ სპეცსამსახურებსა და კიევის მხარეს მებრძოლ რუსულ მოხალისეთა კორპუსის ლიდერს, დენის კაპუსტინს (ნიკიტინს) ადანაშაულებს. 

"დანაშაულის ორგანიზატორია უკრაინის ტერიტორიაზე მცხოვრები და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის კონტროლის ქვეშ მყოფი, ე.წ. რუსული მოხალისეთა კორპუსის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ხელმძღვანელი 1984 წელს დაბადებული რუსეთის მოქალაქე, დენის კაპუსტინი, რომელიც უკრაინის მხარეს რუსი სამხედროების წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობს". – თქვეს ФСБ-ში. 

ФСБ-ს მტკიცებით, იგეგმებოდა მალოფეევის მანქანის ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობით აფეთქება.

მალოფეევი, რომელიც ცარისტული, ულტრანაციონალისტური ორგანიზაციის დამფუძნებელია და პროპაგანდისთვის მართლმადიდებლურ ნარატივს იყენებს, 2014 წელს უკრაინაში დაწყებული სეპარატისტული მოძრაობების ერთ-ერთი მთავარი დამფინანსებელი იყო. ის ე.წ. რუსული სამყაროს პროპაგანდისტია. უკვე რამდენიმე წელია, რაც მალოფეევი დასავლეთის მიერ სანქცირებულ პირთა სიაშია.

რუსული მოხალისეთა კორპუსი, რომლის წევრსაც რუსული სპეცსამსახური მკვლელობის დაგეგმვაში ადანაშაულებს, მედიის ყურადღებაში გასულ დღეებში მოექცა, როცა მათი ჯგუფი უკრაინიდან რუსეთის ტერიტორიაზე, ბრიანსკის ოლქში გადავიდა და მცირე სამხედრო მოქმედებები ჩაატარა. 

თავდაპირველად ბრიანსკში მომხდარ შეტაკებაში რუსეთი უკრაინელ დივერსანტთა ჯგუფს ადანაშაულებდა. შემდეგ რუსული მოხალისეთა კორპუსის წევრებმა გაავრცელეს ორი ვიდეომიმართვა, რომელშიც მომხდარზე პასუხისმგებლობა აიღეს და რუსეთის მოქალაქეებს ვლადიმირ პუტინის რეჟიმისთვის წინააღმდეგობის გაწევისკენ მოუწოდეს.

რუსეთი ჯგუფს სამოქალაქო პირის მკვლელობასა და შეუიარაღებელი ხალხისთვის ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს, თუმცა ლიდერები და წევრები ამ ცნობას დეზინფორმაციას უწოდებენ.

რუსული მოხალისეთა კორპუსი უკრაინის მხარეს მებრძოლი ჯგუფია, რომელიც 2022 წლის აგვისტოში დაარსდა.

კომენტარები