რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსულმა მოხალისეთა კორპუსმა რუსეთის ბრიანსკში მომხდარ შეტაკებებზე პასუხისმგებლობა აიღო

კადრი რუსეთის მოხალისეთა კორპუსის გავრცელებული ვიდეოდან

რუსეთის ბრიანსკის ოლქში მომხდარ შეტაკებაზე პასუხისმგებლობა უკრაინის მხარეს მებრძოლმა რუსული მოხალისეთა კორპუსმა აიღო.

ჯგუფმა საკუთარ ტელეგრამ არხზე გაავრცელა ვიდეოჩანაწერი აღწერით: "სწორედ ახლა ყველა ინტერნეტ-რესურსში დაინახავთ სიახლეს "უკრაინელი დივერსანტული-სადაზვერვო ჯგუფის" შესახებ, რომლებმაც ბავშვები დახოცეს, აიყვანეს მძევლები, მაგრამ, ამავდროულად, ჩქარა წავიდნენ და ა.შ. ეს ყველაფერი კრემლის პროპაგანდისტების ტყუილია. რუსული მოხალისეთა კორპუსი ბრიანსკის ოლქში მოვიდა, რათა თანამემამულეებს აჩვენოს, რომ იმედი არსებობს, რომ თავისუფალ რუს ხალხს იარაღით ხელში რეჟიმთან ბრძოლა შეუძლია". 

ჩანაწერში შეიარაღებული პირები უარყოფენ რუსეთის მიერ გავრცელებულ ცნობას, რომ ჯგუფმა ცეცხლი გაუხსნა სამოქალაქო მანქანას, რის შედეგადაც ერთი პირი დაიღუპა, 10 წლის ბავშვი კი დაიჭრა.

ვიდეოჩანაწერში ჩანს ორი შეიარაღებული პირი, რომელთაც საკუთარი ჯგუფის დროშა უჭირავთ და ამბობენ: "ნება აღსრულდა, მეგობრებო. რუსული მოხალისეთა კორპუსი რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვარზე გადავიდა, მტკიცებულება პირდაპირ ჩემს ზურგსუკანაა. ჩვენ არ ვებრძვით სამოქალაქო პირებს, არ ვხოცავთ შეუიარაღებლებს. ეს გაითვალისწინეთ. დროა რუსეთის ჩვეულებრივმა მოქალაქეებმა გაიგონ, რომ მონები არ არიან. იბრძოლეთ".

ამას გარდა, გავრცელდა მეორე მსგავსი ვიდეოც, რომელშიც სამხედროები ამბობენ: "ჩვენ რუსული მოხალისეთა კორპუსის მებრძოლები ვწერთ ამ ვიდეოს ბრიანსკის ოლქიდან. აქ არ მოვსულვართ როგორც დივერსიული-სადაზვერვო ჯგუფი, არამედ როგორც განმათავისუფლებელი არმია საკუთარ მშობლიურ მიწაზე. პუტინის არმიის მოძალადეებისგან განსხვავებით, ჩვენ მშვიდობიან მოქალაქეებს არ ვერბძვი. ჩვენ თქვენს გასათავისუფლებლად მოვედით. მოგიწოდებთ, აიღეთ იარაღი და ებრძოლეთ პუტინის კრემლის სისხლიან რეჟიმს. დიდება რმკ-ს, სიკვდილი კრემლის ტირანს".

დამოუკიდებელ რუსულ მედია Важные истории-სთან საუბარში რმკ-ს წევრმა ისაუბრა და თქვა, რომ მოქმედებებში 45 სამხედრო მონაწილეობდა. 

"მე სწორედ იქედან მოვდივარ. ამ დავალებაზე 45 კაცი ვიყავით. შევედით, ვიდეო გადავიღეთ, ჩავუსაფრდით ორ ქვეითთა საბრძოლო მანქანას. დაშავებული ბავშვები მე არ მინახავს, მაგრამ დაშავდა ერთი მესაზღვრე. არანაირი მძევლები არ აგვიყვანია". – ანონიმურად ისაუბრა Важные истории-სთან რუსული მოხალისეთა კორპუსის ერთ-ერთმა წევრმა.

რუსული მოხალისეთა კორპუსი უკრაინის მხარეს მებრძოლი ჯგუფია, რომელიც 2022 წლის აგვისტოში დაარსდა.

ბრიანსკში დივერსანტების შეღწევის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია თავდაპირველად რეგიონის გუბერნატორმა, ალექსანდრ ბოგომაზმა გაავრცელა. რუსული პროპაგანდისტული მედია წერდა, რომ ჯგუფი შევიდა ორ სოფელში და მიმდინარეობდა ბრძოლა.

რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია წერდა, რომ დივერსანტები თავს დაესხნენ სოფლებს: ლიუბჩანესა და სუშანს რომელთა შორის 15 კმ. დაშორებაა. მათი წყაროს თქმით, საუბარი იყო რამდენიმე ათეულ ადამიანზე. 

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა შემთხვევას ტერაქტი უწოდა.

უკრაინის სამხედრო დაზვერვაში ბრიანსკში მომხდარ შეტაკებას რუსეთის მოქალაქეებს შორის არსებულ წინააღმდეგობას უწოდებენ.

კომენტარები