დაძაბულობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის

აშშ: ლაჩინის დერეფნის გზაზე გამშვები პუნქტის გახსნა ძირს უთხრის ნდობის დამყარების მცდელობას

ენტონი ბლინკენი 

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, აზერბაიჯანის მიერ ლაჩინის დერეფნის გზაზე გამშვები პუნქტის გახსნა ძირს უთხრის სამშვიდობო პროცესში ნდობის დამყარების მცდელობებს. ამის შესახებ იგი აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს ესაუბრა

ბლინკემა ალიევთან სატელეფონო საუბრისას აზერბაიჯან-სომხეთის სამშვიდობო დისკუსიების მნიშვნელობას ხაზი გაუსვა და აშშ-ს მხრიდან მხარდაჭერის გაგრძელების პირობა დადო.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების თანახმად, ბლინკენმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს უთხრა, რომ კომერციული და კერძო მანქანებისთვის ლაჩინის დერეფნის გახსნა მნიშვნელოვანია.

ერთი დღით ადრე ბლინკენი სომხეთის პრემიერმინისტრს, ნიკოლ ფაშინიანსაც ესაუბრა. 

გასულ კვირას აზერბაიჯანის მიერ ლაჩინის დერეფნის  გზაზე საკონტროლო გამშვები პუნქტის გახსნის გამო, სომხეთმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიმართა

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურმა 23 აპრილს გამოაცხადეს, რომ ლაჩინის დერეფნის გზაზე, რომელიც სომხეთსა და თვითგამოცხადებულ არცახის რესპუბლიკას ერთმანეთთან აკავშირებს, გახსნეს საკონტროლო გამშვები პუნქტი. 

ბაქო ერევანს ადანაშაულებს, რომ ამ გზით მთიან ყარაბაღში სომხეთის ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან  სამხედროები გადაჰყავდათ, გადაჰქონდათ შეიარაღება, საბრძოლო მასალა, გამოჰქონდათ ბუნებრივი რესურსები და კულტურული ღირებულებები. აზერბაიჯანმა სომხეთი 2020 წლის სამმხრივი განცხადების დარღვევაში დაადანაშაულა.

"ლაჩინის გზის დასაწყისში სასაზღვრო კონტროლის მექანიზმის შექმნა უზრუნველყოფს მოძრაობის კანონიერებასა და გამჭვირვალობას, შესაბამისად, გადაადგილების უსაფრთხოებას". – ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. 

აზერბაიჯანის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ კონტროლის ახალი მექანიზმი რეგიონში ჩაყენებულ რუს სამშვიდობოებთან თანამშრომლობით განხორციელდება. რუსეთის მხარეს გამშვებ პუნქტთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

ბაქოს ქმედებებთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვეს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში. მათი განცხადებით, გამშვები პუნქტის დაწესებამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას.

ერევანი აზერბაიჯანს მოლაპარაკების წინაპირობების უხეშ დარღვევაში ადანაშაულებს და ამბობენ, რომ ბაქოს მოქმედებების მიზანი ურთიერთობების რეგულირების დოკუმენტთან დაკავშირებული მოლაპარაკებების ჩაშლაა. სომხეთი რუსეთის ფედერაციას მოუწოდებს, შეასრულონ სამმხრივი განცხადების მე-6 პუნქტი, გახსნან აზერბაიჯანელთა მიერ გადაკეტილი ლაჩინის დერეფანი და ამ ტერიტორიიდან აზერბაიჯანელი სამხედროები გაიყვანონ.

თვითგამოცხადებული არცახის რესპუბლიკამ მოსკოვს მიმართა თხოვნით, რომ დაიწყონ ლაჩინის დერეფანზე ბლოკადის მოხსნისა და აზერბაიჯანის მიერ გამშვები პუნქტის გახსნის აღკვეთის განხილვა.

ამასთან ერთად, 23 აპრილს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე კვლავ შეტაკებები მოხდა, რასაც ერთი სომეხი სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპლა.

აქამდე, მარტის ბოლოს აზერბაიჯანმა ლაჩინის რეგიონში გარკვეული ტერიტორიები დაიკავა.

ლაჩინის დერეფანი დეკემბრის შუა რიცხვებიდან აზერბაიჯანელი აქტივისტების მიერ არის ბლოკირებული. ისინი თავს ეკოაქტივისტებს უწოდებენ და ამბობენ, რომ რეგიონში სეპარატისტების მიერ ბუნებრივი წიაღისეულის უკანონო მოპოვებას აპროტესტებენ.

ვრცლად მთიანი ყარაბაღის გარშემო არსებულ ბოლოდროინდელ მზარდ დაძაბულობასა და ბაქო-ერევნის სადერეფნო დავაზე წაიკითხეთ სტატიაში – სადერეფნო ომი – სომხეთ-აზერბაიჯანის დაძაბულობა გრძელდება.

კომენტარები