2023 წელს გარდაცვლილები

ამერიკელი ტელეწამყვანი და პოლიტიკოსი ჯერი სპრინგერი გარდაიცვალა

People

79 წლის ასაკში ამერიკელი ტელეწამყვანი, რეალითი შოუს ავტორი და პოლიტიკოსი ჯერი სპრინგერი გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზი პანკრეასის კიბო გახდა.

დაიბადა 1944 წელს ჰოლოკოსტს გამოქცეული მშობლების ოჯახში, ლონდონში, ბომბსაწინააღმდეგო თავშესაფარში. 4 წლის ასაკში ოჯახთან ერთად გადასახლდა ამერიკაში, ბავშვობა გაატარა ნიუ-იორკში. 1965 წელს დაამთავრა ტულანის უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტი. 

უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ დაინტერესდა პოლიტიკით. 1968 წელს მონაწილეობდა რობერტ კენედის საარჩევნო კამპანიაში. 1970 წელს მონაწილეობას იღებს კონგრესის არჩევნებში, მაგრამ რესპუბლიკელ კანდიდატთან მარცხდება. 1974 წელს გახდა ცინცინატის საკრებულოს წევრი, 1977-1978 წლებში იკავებდა ცინცინატის მერის თანამდებობას.

1982 წელს დაიწყო მუშაობა ტელევიზიაში, NBC-ის ეთერში მიყავდა პოლიტიკური გადაცემა. 1991 წლის 30 სექტემბერს ეთერში გამოდის ჯერი სპრინგერის შოუს პირველი ეპიზოდი. თავდაპირველად გადაცემა სერიოზულ პოლიტიკურ შოუდ იგეგმებოდა, მოგვიანებით წამყვანის და ახალი პროდიუსერის გადაწყვეტილებით თოქ შოუ ფორმატს იცვლის – მასში მოწვეული უცხო ადამიანები საკუთარ პრობლემებზე საუბრობენ. გადაცემა ეხება ისეთ სკანდალურ თემებს როგორიც არის ღალატი, ინცესტი, პედოფილია, ზოოფილია, პროსტიტუცია, პორნოგრაფია. სტუმრები ხშირად ერთმანეთს შეურაცხყოფას აყენებენ, როგორც სიტყვიერად, ისე ფიზიკურად. გადაცემა უდიდესი რეიტინგით სარგებლობდა, 20 წლის განმავლობაში ეთერში 4000-ზე მეტი ეპიზოდი გამოვიდა.

სპრინგერი ასევე შესრულებული აქვს ეპიზოდური როლები ფილმებსა და სერიალებში: Austin Powers, Kissing A Fool, Domino, Sharknado 3, X-Files.

 

კომენტარები