აშშ-საქართველო

ბოკერია: ოცნების პოლიტიკის გამო კონგრესში რეზოლუციის საკვანძო ნაწილში არ გვახსენებენ

ევროპული საქართველოს თავჯდომარე გიგა ბოკერია გამოეხმაურა აშშ-ს წარმომადგენელთა პალატასა და სენატში წარდგენილ რეზოლუციას, რომელშიც საუბარია რუსეთ-უკრაინის ომში უკრაინის გამარჯვებისა და მის NATO-ში გაწევრიანების მნიშვნელობაზე.

ბოკერიამ აღნიშნა, რომ რეზოლუციაში საქართველო მხოლოდ ერთხელ არის ნახსენები და ისიც 2008 წლის NATO-ს ბუქარესტის სამიტის კონტექსტში, ხოლო ტექსტის საკვანძო ნაწილში, სადაც წერია, რომ უკრაინის ალიანსში გაწევრიანება აშშ-ს ამოცანა იქნება, საქართველო ნახსენები არ არის. ბოკერიას თქმით, ეს პირდაპირი შედეგია ივანიშვილის მოღალატეობრივი პოლიტიკის. 

"საქართველო ნახსენებია ბუქარესტის გადაწყვეტილების ციტატის ნაწილად, მაგრამ შემდგომ ტექსტში, საკვანძო გზავნილში, სადაც საუბარია, რომ ამოცანა იქნება უკრაინის NATO-ში გაწევრიანება, საქართველო ნახსენები არაა. ეს ვითარება არის პირდაპირი შედეგი ივანიშვილის რეჟიმის მოღალატეობრივი პოლიტიკის. ამ ისტორიულ მომენტში, იმის ნაცვლად, რომ ჩვენ გვყავდეს ხელისუფლება, რომელიც ვაშინგტონში, ბრიუსელში და ყველა დედაქალაქში ლობირებს, რომ საქართველო, როდესაც მოხდება რუსეთის დამარცხება და გაფართოება თავისუფალი სამყაროსი, უნდა იყოს NATO-ს წევრი. ამის მაგივრად, დაკავებულია დასავლეთთან, აშშ-სთან და ევროპასთან დაპირისპირებით, ანტიდასავლური კამპანიით და ამ ისტორიულ მომენტს გვაკარგვინებს". – ამბობს ბოკერია. 

აშშ-ს კონგრესმენებისა და სენატორების მიერ წარდგენილი რეზოლუცია, რომელიც ადასტურებს შეერთებული შტატების პოლიტიკურ მიზანს, იხილოს უკრაინა გამარჯვებული რუსეთის წინააღმდეგ ომში. რეზოლუციის მიხედვით, უკრაინის გამარჯვებით მოტანილი მშვიდობა უზრუნველყოფილი უნდა იყოს უკრაინის NATO-ში ინტეგრაციით და აცხადებს, რომ შეერთებულმა შტატებმა უნდა იმუშაოს თავის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, რათა უზრუნველყოს რეპარაციები, რეკონსტრუქცია, მართლმსაჯულება რუსეთის ომის დანაშაულებებისთვის და რუსეთის ლიდერების პასუხისგებაში მიცემა. 

კომენტარები