რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბლინკენი: ჩინეთი ორმხრივად თამაშობს, ამბობს, რომ მშვიდობა სურს, თან რუსეთს ომში ეხმარება

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი
NATO News

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა გამოცემა Euronews-თან ინტერვიუს მიმდინარეობისას თქვა, რომ ჩინეთი ორმხირვად თამაშობს - ომში სხვადასხვა გზებით რუსეთს უჭერს მხარს და თან სურს, რომ აღიქვან ისე, თითქოს მშვიდობის მიღწევა სურს.

"პირველ რიგში, სამშვიდობო იდეები, რომლებიც ჩინელებმა მოლაპარაკებების მაგიდაზე წამოაყენეს, ზოგიერთი მათგანი პოზიტიურია. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ერთ-ერთი ელემენტი - აქცენტი უნდა გაკეთდეს სუვერენიტეტზე, ხოლო ჩინეთის ფოკუსი უნდა იყოს, რათა დაარწმუნოს რუსეთი, რომ პატივი სცეს უკრაინის სუვერენიტეტს და დაუბრუნოს ტერიტორია, რომელიც მან ძალით წაართვა გაეროს წესდების დარღვევით." - ამბობს ბლინკენი.

ბლინკენის თქმით, მშვიდობის მიღწევის მოწოდებებისდა მიუხედავად, ჩინეთი რუსეთის პროპაგანდას ეხმარება და მეტიც, ომში რუსეთისთვის ლეტალური სამხედრო დახმარების გაწევასაც განიხილავს.

"ვფიქრობ, ჩინეთი ერთდროულად ორივე გზის გამოყენებას ცდილობს. მას სურს აღიქმებოდეს, როგორც მშვიდობის მიღწევის მოსურნე და ამავე დროს, ის აგრძელებს რუსეთის მხარდაჭერას სხვადასხვა გზით, ეხმარება რუსეთის პროპაგანდას  და როგორც რამდენიმე კვირის წინ ვთქვით, რუსეთისთვის ლეტალური დახმარების გაწევასაც განიხილავს." - თქვა სახელმწიფო მდივანმა.

აშშ-ს თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის თქმით, სი ძინფინგის პუტინთან შეხვედრა შემაშფოთებელია.

სი ძინფინგი მარტის ბოლოს სამდღიანი ვიზიტით მოსკოვში იმყოდებოდა, სადაც რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს შეხვდა. დასავლეთი ოფიციალურ ვიზიტს პეკინის რუსეთისადმი გაზრდილ მხარდაჭერად მიიჩნევს.

"როცა დასავლეთი და კიევი ამისთვის მზად იქნებიან, ჩინეთის სამშვიდობო გეგმიდან არაერთი პუნქტი შეიძლება უკრაინაში კონფლიქტის დასრულების საფუძვლად იქცეს. თუმცა რუსეთმა მეორე მხრისგან ამისთვის მზაობა უნდა დაინახოს". - თქვა პუტინმა

კომენტარები