რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ჩინეთს ახლო მომავალში ომის დასრულება და უკრაინაში მშვიდობის დამყარება არ აწყობს – პაველი

ჩეხეთის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა გამოცემა Politico-სთან ინტერვიუში რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით მოლაპარაკებებში ჩინეთის როლზე ისაუბრა. პაველის თქმით, ჩინეთი, როგორც შუამავალი სანდო არაა, რადგან პეკინს თავისი ინტერესები აქვს და ომის გახანგრძლივება აწყობს. 

"მჯერა, რომ სტატუს-კვოს გაგრძელება ჩინეთის ინტერესებში შედის, ვინაიდან ამან შესაძლოა რუსეთს გარკვეული დათმობებისკენ უბიძგოს... არ ვფიქრობ, ჩინეთს ომის მოკლე ვადიან პერსპექტივაში დასრულება რეალურად სურდეს". - ამბობს ინტერვიუში ჩეხეთის პრეზიდენტი. 

პაველის თქმით, როცა საქმე რუსეთ-უკრაინის ომს ეხება, ჩინეთს ის სურს, რაც მისთვის ყველაზე მომგებიანია, ხოლო მისთვის ყველაზე ხელსაყრელი ამჟამად ომის გაგრძელებაა. 


ჩინეთში გამართული ვიზიტის ფარგლებში, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პრეზიდენტ სი ძინფინგთან გამოთქვა იმედი, რომ ის უკრაინაში ომის დასრულებაში წვლილს შეიტანს

"ვიცი, შემიძლია მქონდეს თქვენი იმედი, რომ რუსეთი გონზე მოიყვანოთ და ყველა დააბრუნოთ მოლაპარაკებების მაგიდასთან". – თქვა მაკრონმა სი ძინფინგთან გამართულ პრესკონფერენციაზე. 

საფრანგეთის პრეზიდენტისა და ევროკომისიის პრეზიდენტის ჩინეთში ვიზიტამდე, სი ძინფინგი მარტის ბოლოს სამდღიანი ვიზიტით მოსკოვში იმყოდებოდა, სადაც რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს შეხვდა. დასავლეთი ოფიციალურ ვიზიტს პეკინის რუსეთისადმი გაზრდილ მხარდაჭერად მიიჩნევს.

"მსოფლიოს ფარგლებში, მთელი ისტორიისთვის აქამდე უნახავი ჩვენი დროის კოლოსალური ცვლილებების წინაშე, მზად ვართ, რუს კოლეგებთან ერთად ვაჩვენოთ პასუხისმგებლობიანი მსოფლიო სახელმწიფოს მაგალითი და შევასრულოთ წამყვანი როლი, რათა ასე სწრაფად ცვალებადი მსოფლიო გადავიყვანოთ მდგრადი და პოზიტიური განვითარების ტრაექტორიაზე." - თქვა ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინფინგმა ვლადიმირ პუტინთან შეხვედრაზე.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა გამოცემა Euronews-თან ინტერვიუს მიმდინარეობისას თქვა, რომ ჩინეთი ორმხრივად თამაშობს - ომში სხვადასხვა გზებით რუსეთს უჭერს მხარს და თან სურს, რომ აღიქვან ისე, თითქოს მშვიდობის მიღწევა სურს.

"ვფიქრობ, ჩინეთი ერთდროულად ორივე გზის გამოყენებას ცდილობს. მას სურს აღიქმებოდეს, როგორც მშვიდობის მიღწევის მოსურნე და ამავე დროს, ის აგრძელებს რუსეთის მხარდაჭერას სხვადასხვა გზით, ეხმარება რუსეთის პროპაგანდას  და როგორც რამდენიმე კვირის წინ ვთქვით, რუსეთისთვის ლეტალური დახმარების გაწევასაც განიხილავს." - თქვა სახელმწიფო მდივანმა.

რუსეთ-უკრაინის ომის წლისთავზე ჩინეთმა სამშვიდობო გეგმის საკუთარი 12-პუნქტიანი ვერსია გამოაქვეყნა, რომელიც კონფლიქტის თანდათანობით დეესკალაციას ისახავს მიზნად. ჩინეთი კრიზისის დასარეგულირებლად მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ და სანაცვლოდ, სამშვიდობო მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს. გეგმა მოიცავს დასავლეთის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შეწყვეტასა და ეკონომიკური სტაბილიზაციის მიზნით, ქვეყნებს შორის ექსპორტ-იმპორტის აღდგენას. 

კომენტარები