კახეთი

"საძინებელში კეტავდა" – ბებიაზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, კაცს, რომელიც ბებიაზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით არის დაკავებული, წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. 

როგორც უწყების განცხადებაში ვკითხულობთ, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ბებიაზე სექსუალურად სისტემატურად ძალადობდა, ასევე, მოკვლით ემუქრებოდა და საძინებელში კეტავდა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ფიზიკური ძალადობით და ძალადობის მუქარით ბებიის მიმართ სისტემატურად ახორციელებდა სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებებს. აღნიშნული დანაშაულის დაფარვის მიზნით, იგი დაზარალებულს, მისი ნების საწინააღმდეგოდ, სიცოცხლის მოსპობის მუქარით საძინებელ ოთახში კეტავდა". - წერია განცხადებაში.

კაცი 22 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 138 -ე მუხლის მე- 2 -ე ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ ძალადობით და ძალადობის მუქარით ჩადენილი სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება) და 11 პრიმა, 143-ე მუხლის მე-2-ე ნაწილის "გ" და მე-3-ე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით და სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

პროკურატურის ცნობით, ბრალდებულის ფსიქიკური ჯანმრთელობის შეფასების მიზნით, დაინიშნა სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

კომენტარები