სამხედრო ხარჯები

ევროპის სამხედრო დანახარჯებმა 1989 წლის შემდეგ უმაღლეს ნიშნულს მიაღწია – SIPRI

უკრაინელი სამხედროები ნიდერლანდურ ჯავშანტრანსპორტიორზე 
 Genya Savilov, AFP  

სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის (SIPRI) მიხედვით, 2022 წელს გლობალური სამხედრო ხარჯები 3.7%-ით გაიზარდა და შესაბამისად, ახალ მაქსიმუმს, $2 240 მილიარდს მიაღწია. ამავე მონაცემებით, საერთო ხარჯებიდან 56% ამერიკის შეერთებულ შტატებზე, ჩინეთსა და რუსეთზე მოდის. 

SIPRI-ის თანახმად, რუსეთ-უკრაინის ომის გამო, სამხედრო ხარჯები ყველაზე მეტად (+13%) ევროპაში გაიზარდა. სამხედრო დანახარჯები ფინეთში (+36%), ლიტვაში (+27%), შვედეთსა (+12%) და პოლონეთი (+11%) ყველაზე მეტად გაიზარდა. 

"ბოლო წლებში გლობალური სამხედრო ხარჯების მუდმივი ზრდა იმის ნიშანია, რომ ჩვენ სულ უფრო დაუცველ სამყაროში ვცხოვრობთ. სახელმწიფოები აძლიერებენ სამხედრო ძალას უსაფრთხოების გაუარესებული გარემოს საპასუხოდ, რომლის გაუმჯობესებას ისინი უახლოეს მომავალში არ პროგნოზირებენ". - აღნიშნავს SIPRI-ის სამხედრო ხარჯებისა და იარაღის წარმოების პროგრამის უფროსი მკვლევარი, ნან ტიანი. 

კვლევის მიხედვით, ცენტრალური და დასავლეთ ევროპის სახელმწიფოების სამხედრო ხარჯებმა 2022 წელს $345 მილიარდი შეადგინა. ამ სახელმწიფოების სამხედრო დანახარჯებმა პირველად გადააჭარბა 1989 წლის შესაბამის მაჩვენებელს.

გარდა ამისა, სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევის ინსტიტუტი აღნიშნავს, რომ 2022 წელს რუსეთის სამხედრო დანახარჯები დაახლოებით 9.2 %-ით გაიზარდა, რაც რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტის 4.1%-ის ეკვივალენტია. SIPRI-ს შეფასებით, ეს თანხა 34%-ით აღემატება რუსეთის წინასწარ საბიუჯეტო გეგმას. 

კვლევაში აღნიშნულია, რომ რუსეთის საბიუჯეტო გეგმებსა და 2022 წლის რეალურ სამხედრო დანახარჯებს შორის სხვაობა იმაზე მეტყველებს, რომ უკრაინაში შეჭრა რუსეთს იმაზე მეტი დაუჯდა, ვიდრე ელოდა. 

ამავე მონაცემებით, მსოფლიოში ყველაზე დიდი სამხედრო ხარჯები კვლავ აშშ-ს აქვს. აშშ-ს სამხედრო დანახარჯებმა 2022 წელს $877 მილიარდს მიაღწია.

რაც შეეხება ჩინეთს, SIPRI-ის თანახმად, მისი სამხედრო დანახარჯები ზედიზედ 28 წლის განმავლობაში იზრდება. 2022 წელს მისმა სამხედრო დანახარჯებმა დაახლოებით $292 მილიარდი შეადგინა, რაც 4.2%-ით მეტია 2021 წელთან შედარებით.

კომენტარები