ისრაელი

ნეთანიაჰუ ტრამპის მთავარ კონკურენტს, დესანტისს შეხვდება

ისრაელის პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ფლორიდის გუბერნატორს, რონ დესანტისს შეხვდება. დესანტისი ისრაელში ვიზიტს ამ კვირას გეგმავს. 

"რა თქმა უნდა, ყველას შევხვდები. რატომაც არა? მე ვხვდები როგორც რესპუბლიკელ, ისე დემოკრატ კანონმდებლებს". - აღნიშნა ნეთანიაჰუმ CBS-ის ეთერში.  

დესანტისის ოფისის განცხადების მიხედვით, გუბერნატორი ისრაელს 27 აპრილს ეწვევა და შეხვდება მთავრობის წარმომადგენლებს.

ვიზიტის ფარგლებში დესანტისი ეწვევა იაპონიას, სამხრეთ კორეასა და ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოს. სავარაუდოა, რომ გუბერნატორი სავარაუდო საპრეზიდენტო კამპანიის დასაწყებად ემზადება. 

დესანტისის ვიზიტი 24 აპრილს იაპონიით დაიწყება და 28-ში ბრიტანეთით დასრულდება.

ისრაელის ახალი მთავრობა, რომელიც ბენიამინ ნეთანიაჰუს ლიკუდითა და ულტრამემარჯვენე პარტიებისგანაა დაკომპლექტებული, შესაძლო რეფორმით უზენაესი სასამართლოს უფლებამოსილების შეზღუდვას გეგმავს. ცვლილების შედეგად, სასამართლოს საკანონმდებლო და აღმასრულებელ ორგანოებზე ნაკლები ბერკეტი ექნება. მთავრობის გეგმა, კანონად ქცევის შემთხვევაში, მათ საშუალებას მისცემს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებები მინიმალური უმრავლესობით დაძლიონ და მოსამართლეებიც თავად დანიშნონ.

გეგმის მოწინააღმდეგეები ფიქრობენ, რომ პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, რომლის წინააღმდეგაც კორუფციასთან დაკავშირებული საქმეა აღძრული, სასამართლო სისტემის ხელში ჩაგდება სურს და ეს საფრთხეს შეუქმნის სამოქალაქო თავისუფლებებს, დააზიანებს ეკონომიკასა და დასავლელ მოკავშირეებთან ურთიერთობას.

საპროტესტო აქციების შემდეგ ნეთანიაჰუმ სასამართლო რეფორმის განხილვა მომავალ სესიამდე გადადო. 

პარალელურად ვითარება დაიძაბა ისრაელსა და პალესტინელებს შორის, რაც 5 აპრილს, იერუსალიმში მდებარე ალ-აკსას მეჩეთში არაბებისა და ისრაელის პოლიციას შორის შეტაკებამ გამოიწვია. წლის ეს პერიოდი ისრაელში მუდამ დაძაბულია, რადგან ებრაელები პასექს, არაბები კი რამადანის წმინდა თვეს აღნიშნავენ. 

ალ-აკსას მეჩეთში ძალის გამოყენებისა და 350-მდე პირის დაკავების შემდეგ პალესტინურმა ჯგუფებმა ღაზის სექტორიდან, ლიბანიდან და სირიიდან ისრაელზე სარაკეტო იერიშები მიიტანეს, რაც წარმატებულად იქნა მოგერიებული. იერუსალიმმა დაჯგუფებების თავდასხმებს კონტრიერიშებით უპასუხა.

ნეთანიაჰუს უზენაესი სასამართლო რეფორმას კრიტიკა საერთაშორისო სივრცეშიც მოჰყვა: პრეზიდენტმა ბაიდენმა თვის დასაწყისში აღნიშნა, რომ ის "ძალიან შეწუხებულია" ისრაელის დემოკრატიით და იმედოვნებს, რომ პრემიერმინისტრი "გეგმას შეცვლის". 

"ვაფასებ აშშ-სთან ურთიერთობას. ვაფასებ იმ მეგობრობას, რომელიც 40 წელზე მეტია პრეზიდენტ ბაიდენთან მაქვს. ეს [სასამართლო რეფორმა] შიდა პრობლემაა, რომელიც ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ". - ამბობს ნეთანიაჰუ. 

კომენტარები