რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

არ ვცდილობ, რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ პოზიციით ვინმეს ვასიამოვნო – ბრაზილიის პრეზიდენტი

ბრაზილიის პრეზიდენტი, ლუის ინასიო ლულა და სილვა

ბრაზილიის პრეზიდენტის, ლუის ინასიო ლულა და სილვას თქმით, რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით თავისი შეხედულებით არ ცდილობს, რომ ვინმეს ასიამოვნოს. როგორც თავად ამბობს, მისი მიზანია ორივე მხარე მოლაპარაკებების მაგიდასთან დასვას.

"მე მსურს კონფლიქტის გადასაჭრელად მესამე ალტერნატივა გამოვძებნო, ეს მშვიდობის დამყარებაა". - აღნიშნა ლულამ ლისაბონში ვიზიტისას გამართულ პრესკონფერენციაზე. 

გასულ კვირას, ჩინეთიდან დაბრუნების შემდეგ ბრაზილიის პრეზიდენტმა აშშ-სა და ევროპას უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტისკენ მოუწოდა. მისივე თქმით, ამით მხარეები ომის გახანგრძლივებას უწყობენ ხელს. 

"ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა შეწყვიტოს ომის წახალისება და დაიწყოს მშვიდობაზე საუბარი". - თქვა ლულამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

უკრაინის მიმართ მსგავსი კომენტარების გამო ლულამ დასავლეთის კრიტიკა დაიმსახურა. 

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ოლეგ ნიკოლენკომ ბრაზილიის პრეზიდენტი, ლუის ინასიო ლულა და სილვა უკრაინაში მიიწვია, რათა მან რუსული აგრესიის რეალური მიზეზები გაიგოს.

"მიდგომა, რომელიც მსხვერპლსა და აგრესორს ერთსა და იმავე საფეხურზე აყენებს და ადანაშაულებს ომის წახალისებაში ქვეყნებს, რომლებიც სინამდვილეში უკრაინას თავდაცვაში ეხმარებიან სასიკვდილო აგრესიის წინააღმდეგ, არ შეესაბამება სახელმწიფო საქმიანობას. [...] აგრესიის ომი უკრაინის მიწაზე მიმდინარეობს და უამრავ ტანჯვასა და ნგრევას იწვევს" - თქვა ოლეგ ნიკოლენკომ.

კომენტარები