30 აპრილის აქცია

"არა ომს" – ლალი მოროშკინას, ზაზა პაპუაშვილის, ია მეტრეველის ორგანიზებით აქცია გაიმართება

ლალი მოროშკინა

30 აპრილს გაიმართება აქცია "არა ომს – მშვიდობა ჩვენს ქვეყანას“. ორგანიზატორები არიან ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი ზაზა პაპუაშვილი, ბუტა რობაქიძის დედა - ია მეტრეველი, მთავრობის პროპაგანდისტი ლალი მოროშკინა და სხვები.

"დარწმუნებული ვარ, ქუდზე კაცი გამოვა, ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი, ვინც წლების წინ ვიდექით უსამართლობისა და რეჟიმის წინააღმდეგ, 30 აპრილს ვიქნებით აქციაზე. ნაციონალური მოძრაობის რეჟიმი აღარასოდეს განმეორდება ჩვენს ქვეყანაში. გვინდა, დავანახოთ მსოფლიოსაც და თავად ნაციონალურ მოძრაობასაც, მათ მომხრეებს, რომ ვერასდროს დაბრუნდებიან ხელისუფლებაში. მათ უნდათ ომი და ქვეყნის დაქცევა ოღონდ ხელისუფლებაში მოვიდნენ და რევოლუციებისთვის ემზადებოდნენ, არაფერი გამოუვათ. ამით დავანახებთ, რომ მთელი ერი ერთად ვდგავართ და არ მივცემთ უფლებას, რაღაცა ისეთი ჩაიდინონ, რომ ქვეყანას ავნონ“, – ამბობს ია მეტრეველი.

ზაზა პაპუაშვილის თქმით, აქცია გზავნილი იქნება მსოფლიოსთვის, რომ "საქართველოში არანაირი მაიდანი არ იქნება".

"წარმოუდგენელია ამდენი შეურაცხყოფისა და უსამართლო რეზოლუციების თუ სანქციების ატანა, ამაზე პასუხის არგაცემა დანაშაულია. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს პირდაპირი დიალოგი ხელისუფლებასთან და მას აქვს უნარი, ჩამოაყალიბოს ორი საინიციატივო ჯგუფი დიპლომატებთან სასაუბროდ, თუ ისინი მოისურვებენ ჩვენთან საუბარს. ხელისუფლებასთან საუბარი არა ისტერიით, არამედ იდეებით, გაუცხოება და აგრესია უნდა შემცირდეს რაც დამღუპველია ჩვენთვის, ამიტომ მშვიდობა, გონიერება სიმშვიდე" -  განაცხადა პაპუაშვილმა და აღნიშნა, რომ "არ შეიძლება, გარედან შემოგდებული თუ შინაური გაცვეთილი პოლიტიკოსებისა და არასამთავრობოების დღის წესრიგის მიხედვით იცხოვროს ჩვენმა ქვეყანამ".

მისივე თქმით, აქციაზე თემატურად ბევრი საკითხი გაიშლება, იქნებიან სიტყვით გამომსვლელები, შეხვედრა დამთავრდება გზავნილებითა და საერთო საზოგადოებრივი აზრის გამომხატველი წერილით.

კომენტარები