ქართული ოცნება

კობახიძე: კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ საკუთარ საგამოძიებო კომისიას არ გამოკრას ხელი

როცა საქმე ეხება საგამოძიებო კომისიის შექმნას, რაც მათი ინიციატივაა კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, მე მგონი, საბოლოო ჯამში ისინი ხელს გამოკრავენ საგამოძიებო კომისიის შექმნას მათ წინააღმდეგ, კოლექტიური ნაცმოძრაობის წინააღმდეგ.

საბოლოო ჯამში, ეს არც იქნება გამოძიება, სინამდვილეში მათ კრიმინალს სჭირდება არა გამოძიება, არამედ მხოლოდ სისტემატიზაცია. ყველამ ძალიან კარგად იცის, რა დანაშაულები აქვთ მათ  ჩადენილი. უბრალოდ საჭიროა სისტემატიზაცია იმის, თუ რომელი ადამიანების სიცოცხლე შეეწირა მაგალითად ნაცმოძრაობის კრიმინალურ საქმიანობას 9 წლის განმავლობაში, რომელი ადამიანების ჯანმრთელობა შეეწირა, ვისი წამება მოხდა, არაადამიანური მოპყრობა ვის მიმართ განხორციელდა, ვის წაართვეს ბიზნესი, ვის ჩამოართვეს ქონება, ვინ გაძარცვეს, კეზერაშვილმა,  სააკაშვილმა, ადეიშვილმა, როგორ ჩააბარეს რუსეთის ფედერაციას ტერიტორიები, რა მოხდა 7, 8, 9 აგვისტოს, ეს ხომ ყველამ იცის, საკმარისია უბრალოდ აიღოთ მაშინდელი ტელევიზიები...

დაველოდოთ, არაფერს არ გამოვრიცხავ, თან მითუმეტეს, რომ 10 წელია გასული მათ მიერ ამ დანაშაულების ჩადენიდან... ხალხმა ამოისუნთქა, დაისვენა, ბიზნესმა მოიპოვა თავისუფლება, ციხეებში შემცირდა პატიმრების რაოდენობა, ადამიანები გათავისუფლდნენ წნეხისგან, რომელიც ჰქონდათ ადეიშვილი-სააკაშვილის  სასამართლოს მხრიდან.

მაგრამ 10 წელია გასული, 10 წლის გასვლა ნიშნავს, რომ ემოციურ დონეზე მაინც თითოეულ ჩვენგანს, საზოგადოებას, ავიწყდება დანაშაულები, რაც მათ მიერ არის ჩადენილი, შეიძლება, 10 წლისთავზე კარგი დრო იყოს იმისთვის, რომ უბრალოდ გავახსენოთ საზოგადოებას, არიან მათ შორის ახალგაზრდები, ვისაც საერთოდ არ უნახავს ის წლები, არიან ახალგაზრდები, რომლებიც არიან პირობითაც 20 წლის, 10 წლის წინ იყვნენ 10 წლის და საერთოდ არ ახსოვთ, რა ხდებოდა ნაცმოძრაობის დროს. შეიძლება, 10 წლისთავზე იყოს სწორედ იდეალური დრო იმისთვის, რომ საზოგადოებას კიდევ ერთხელ გავახსენოთ, რა მძიმე და უმძიმესი დანაშაულები აქვს ნაცმოძრაობას ჩადენილი.

ჰო, პატარა ნიურნბერგი [იქნება] ამ ადამიანებისთვის, შეფასება-შეხსენების დონეზე. საზოგადოებას კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ, სისტემატიზაციის დონეზე უნდა გავაკეთოთ ეს ყველაფერი, მე ესე მგონია, ამის დრო ალბათ დადგება, ვნახოთ, შევხედოთ, როგორ განვითარდება პროცესები, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მათ შეიძლება გამოკრან საკუთარ საგამოძიებო კომისიას ხელი, რომელიც მოახდენს მათ მიერ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულების სისტემატიზაციას.

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე TV იმედზე. kვორუმის არარსებობის გამო, ორი დღეა, პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას კენჭს ვერ უყრიან. ქართული ოცნების დეპუტატებმა არც 18 და არც 19 აპრილს რეგისტრაცია არ გაიარეს.

ოპოზიციის წარმომადგენლები საგამოძიებო კომისიის შექმნას დასანქცირებული მოსამართლეების საქმიანობასთან დაკავშირებით ითხოვენ. კომისიამ სასამართლო სფეროში კორუფციის და ნეპოტიზმის სავარაუდო ფაქტები და მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის მხრიდან მოსამართლეებზე ზემოქმედების შესაძლო შემთხვევები უნდა გამოიძიოს.

კომენტარები