სანქცირებული მოსამართლეები

საგამოძიებო კომისიაზე კენჭისყრა ისევ ვერ შედგა – ოცნების დეპუტატებმა რეგისტრაცია არ გაიარეს

ქართულმა ოცნებამ პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნაზე რეგისტრაცია ისევ არ გაიარა, რის გამოც კენჭისყრა კვლავ ვერ შედგა. პარლამეტის სხდომაზე რეგისტრაცია სულ 52-მა დეპუტატმა გიარა, ხოლო კვორუმის მისაღწევად 76 დეპუტატია საჭირო. 

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ოცნების დეპუტატების მიერ სხდომაზე რეგისტრაციის არგავლას საგამოძიებო კომისიის შექმის ინიციატორთა შორის ნაციონალური მოძრაობის ყოფნით ხსნის. 

"პრობლემა არის იმაში, რომ ნაცმოძრაობა, კოლექტიური ნაცმოძრაობა ცდილობს, შექმნას საგამოძიებო კომისია სასამართლოსთან დაკავშირებით, ჩვენ არცერთ შემთხვევაში არ ვალაპარაკებთ სასამართლოზე ნაცმოძრაობას, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი, ნაცმოძრაობა არის კრიმინალური, სისხლიანი პოლიტიკური ძალა, რომელმაც შექმნა თავის დროზე სისხლიანი, კრიმინალური სასამართლო სისტემა." - თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან კენჭისყრის ჩაგდებასთან დაკავშირებით საუბრისას. 

ოპოზიციის წარმომადგენლები დასანქცირებული მოსამართლეების საქმიანობასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ. კომისიამ სასამართლო სფეროში კორუფციის და ნეპოტიზმის სავარაუდო ფაქტები და მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის მხრიდან მოსამართლეებზე ზემოქმედების შესაძლო შემთხვევები უნდა გამოიძიოს.



საგამოძიებო კომისიას კენჭი 18 აპრილსაც ვერ უყარეს, რადგან ოცნების დეპუტატებმა რეგისტრაცია არ გაიარეს და კვორუმი ვერ შედგა.

ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ განზრახ მიიღო გადაწყვეტილება, რომ რეგისტრაცია არ გაევლოთ.

“ეს არის სოლიდარობის აქტი ქართველი მოსამართლეების მიმართ" – თქვა მან და აღნიშნა, რომ კენჭისყრა სხვა საკითხებთან ერთად, დღეს, 19 აპრილს გაიმართებოდა, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა კენჭისყრაზე რეგისტრაცია დღესაც არ გაიარეს.

კომენტარები