აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები

ირლანდიის საგარეო: დიდი საფრთხის დროს მსოფლიოს ბაიდენი სჭირდება

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი, მიშელ მარტინი

ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრის, მიშელ მარტინის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ ის, რაც მსოფლიოს დიდი საფრთხის დროს სჭირდება,  არის ბაიდენის დამატებით ოთხი წელი აშშ-ის პრეზიდენტის პოსტზე. ამის შესახებ მარტინმა ირლანდიაში ბაიდენის სამ-დღიანი ვიზიტის დროს ისაუბრა.

ჯო ბაიდენს ჯერ ოფიციალურად არ უთქვამს, იყრის თუ არა კენჭს აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში, თუმცა ირლანდიის მთავრობა მას აშშ-ის პრეზიდენტის პოსტზე  კვლავ შესაბამის კანდიდატად თვლის.

"მსოფლიოში დიდი საფრთხის დროს, ჩვენ ძალიან გაგვიმართლა, რომ სათავეში გვყავს გაწონასწორებული, გამოცდილების და სიბრძნის მქონე ადამიანი. [...] როდესაც არსებობს პოტენციური ბირთვული საფრთხე, და ჩვენ გვყავს ადამიანი, რომელსაც კარგად ესმის საგარეო პოლიტიკა და ესმის ის ხაზები, რომლებიც უნდა გაიარო, ჩვენ ყველანი თავს უფრო დაცულად ვგრძნობთ, ვინაიდან ჯო ბაიდენი კვლავ პრეზიდენტია" - თქვა ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, ის მეორე ვადისთვის კენჭისყრას გეგმავს და საარჩევნო კამპანიას ოფიციალურად მალე წარადგენს.

"ამის შესახებ მალე განვაცხადებთ. თუმცა, ამ მოგზაურობამ გააძლიერა ჩემი ოპტიმიზმის გრძნობა იმის შესახებ, თუ რა შეიძლება გაკეთდეს". - აღნიშნა ბაიდენმა ჟურნალისტებთან საუბრისას ირლანდიაში.

ბაიდენს ხშირად უთქვამს, რომ განმეორებით კენჭის ყრას გეგმავს, თუმცა ოფიციალური განცხადების არარსებობის გამო ჩნდებოდა ეჭვი, რომ დემოკრატების კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებში შეცვლილიყო.

თუმცა ბაიდენის ასაკი ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა დემოკრატიული პარტიისთვის, რომელსაც ახლა წარმომადგენელთა პალატაში უმცირესობა აქვს და 2024-ში სენატორების რთული არჩევნები აქვს წინ.

ბაიდენი მეორე ვადის ბოლოს 86 წლის იქნება, რაც ცხრა წლით აჭარბებს აშშ-ში მამაკაცის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობას. 

კომენტარები