გზის ჩაკეტვა რიკოთის უღელტეხილზე

რიკოთი სატვირთო მანქანებისთვის გაიხსნა, მსუბუქი ტრანსპორტი მოძრაობას 13 აპრილიდან შეძლებს

საავტომობილო გზების დეპარტამენტი

რიკოთი სატვირთო მანქანებისთვის გაიხსნა. მსუბუქი ტრანსპორტი კი, მოძრაობას 13 აპრილის დილიდან შეძლებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე 12 აპრილს მთელი დღე-ღამის განმავლობაში გადაადგილება მხოლოდ სატვირთო მანქანებს შეეძლებათ, ხოლო მსუბუქი ავტომობილები კვლავ გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის შემოვლითი გზით ისარგებლებენ.

"ვინაიდან 11 აპრილს ვერ მოხერხდა სატვირთო ავტოტრანსპორტის დადგენილი რეჟიმით გატარება, 12 აპრილს რიკოთის მონაკვეთის გავლით, მთელი დღის და ღამის განმავლობაში, იმოძრავებენ მხოლოდ სატვირთო მანქანები მსუბუქი ავტოტრანსპორტი 12 აპრილს გადაადგილებას კვლავ გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის მიმართულებით შეძლებს" - წერია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

რაც შეეხება რიკოთის საავტომობილო გზაზე მოძრაობის სრულ აღდგენას, საავტომობილო გზების დეპპარტამენტის ცნობით, 13 აპრილის 07:00 საათიდან 19:00 საათამდე გზაზე გადაადგილება დასაშვები იქნება მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებისთვის, ხოლო 21:00-დან 06:00 საათამდე საავტომობილო გზაზე გადაადგილებას მხოლოდ სატვირთო ავტომობილები შეძლებენ.

"13 აპრილის 07:00 საათიდან რიკოთის მონაკვეთზე მოძრაობა აღდგება დაწესებული სპეციალური რეჟიმით, კერძოდ: 07:00 საათიდან 19:00 საათამდე თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 114-ე კმ-დან (ახალსოფლის კვანძი) 194-ე კმ-მდე (ზესტაფონი) გადაადგილება დასაშვები იქნება მხოლოდ მსუბუქი ავტოტრანსპორტისთვის. 21:00 სთ-დან დილის 06:00 სთ-მდე ამავე მონაკვეთზე გადაადგილდებიან მხოლოდ სატვირთო ავტომანქანები. სატვირთო ავტომანქანები გადაადგილდებიან პატრულის მკაცრი ზედამხედველობით, ინტერვალებით, გაუჩერებლად და რევერსულად ანუ ცალმხრივად, მიმართულების შეცვლით“ - ვკითხულობთ განცხადებაში.


რიკოთის მონაკვეთზე მოძრაობა 30 მარტს, გზიდან 200 მეტრში მეწყრული პროცესების განვითარების გამო შეიზღუდა. 9 დღის განმავლობაში ავტოტრანსპორტი გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის მონაკვეთზე იყო გადართული. 8 აპრილს ავტოტრანსპორტის მოძრაობა სპეციალური რეჟიმით აღდგა. 11 აპრილს კი, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 147-ე კმ-ზე "მცირე ქვათაცვენის გამო", დადგა გზის გაწმენდის საჭიროება. რის გამოც, გზის კმ114-კმ194 მონაკვეთზე (ახალსოფლის სატრანსპორტო კვანძი-ზესტაფონი) ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აიკრძალა.

კომენტარები