გზის ჩაკეტვა რიკოთის უღელტეხილზე

გზების დეპარტამენტი კვირის ბოლოსთვის რიკოთის მონაკვეთზე მოძრაობის აღდგენაზე იმსჯელებს

საავტომობილო გზების დეპარტამენტი

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის, გიორგი წერეთლის განცხადებით კვირის ბოლოსთვის საერთაშორისო და ადგილობრივი სპეციალისტების მიერ გეოლოგიური და გეოფიზიკური კვლევების შედეგები იქნება მზად, რომელზე დაყრდნობითაც ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის აღდგენის შესაძლებლობაზე იმსჯელებენ.

უწყების განცხადებით, რიკოთის მონაკვეთზე მოძრაობა თოვლის დნობის შედეგად, გზასთან სიახლოვეს 200 მეტრში მეწყრული პროცესების განვითარების გამო შეიზღუდა. 

„შესაბამისი დაკვირვების შედეგად, გამოვლინდა ბზარების ზრდის და აღნიშნულ მონაკვეთზე მეწყრული პროცესების განვითარების და ჩამოსვლის ტენდენცია. ამიტომ, სპეციალისტების დაკვირვების შემდეგ და მათი რეკომენდაციით, მივიღეთ გადაწყვეტილება შეგვეზღუდა რიკოთის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა. 

ამ ეტაპზე რიკოთის 149-ე კმ-ზე გზის გაფართოვების სამუშაოები დასრულებულია, მიმდინარეობს შესაბამისი გეოლოგიური კვლევებისათვის გზის მიყვანის სამუშაოები, ასევე, აქტიურად მიმდინარეობს გეოლოგიური, გეოფიზიკური კვლევები საერთაშორისო და ადგილობრივი სპეციალისტების მიერ. კვირის ბოლოსათვის უკვე ცნობილი იქნება პირველადი, წინასწარი შედეგები, რომელიც მოგვცემს საშუალებას ვიმსჯელოთ როგორც საფრთხეების დონეზე, ასევე ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის აღდგენის შესაძლებლობაზე".- აცხადებენ დეპარტამენტში. 

მათივე ცნობით, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის მონაკვეთზე, რომელზეც ამჟამად ავტოტრანსპორტის მოძრაობაა გადართული, 109 კმ-იანი გზის მხოლოდ 6 კმ-ზე მიმდინარეობს გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოები.

"კონკრეტულად, ტარდება ზამთრის პერიოდში დაზიანებული გზის საფარის და დამეწყრილი ადგილების რეაბილიტაცია, რაც ხელს უშლის მოძრაობას და შეფერხებით ხდება გადაადგილება მხოლოდ და მხოლოდ ამ 6 კმ-იან მონაკვეთზე. ამ დისკომფორტისთვის, საავტომობილო გზების დეპარატმენტი კიდევ ერთხელ უხდის ბოდიშს მოსახლეობას, მგზავრებს, სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ რიკოთის მონაკვეთზე რაც შეიძლება დროულად აღდგეს მოძრაობა და ჩვენი თანამოქალაქეებისთვის უზრუნველვყოთ უსაფრთხო გადაადგილება".- აღნიშნა უწყების თავმჯდომარემ. 

კომენტარები