დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

ნეთანიაჰუ ებრაელებს ტაძრის მთის მოლოცვას რამადანის პერიოდში 10 დღით უკრძალავს

ისრაელის პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის ინფორმაციით, 12 აპრილიდან 10 დღის განმავლობაში ებრაელებს ტაძრის მთის მოლოცვა რამადანის პერიოდში 10 დღით აეკრძალებათ. პრემიერმინისტრის ოფისში ამბობენ, რომ გადაწყვეტილება უსაფრთხოების ხელმძღვანელებს შორის ერთსულოვანი იყო.

ეროვნული უსაფრთხოების ულტრამემარჯვენე მინისტრი ბენ გვირი ამ ნაბიჯს აფასებს, როგორც "სერიოზულ შეცდომას", რომელიც დაძაბულობის შემდგომ გაღვივებას გამოიწვევს.

მიუხედავად იმისა, რომ ეს გადაწყვეტილება ემთხვეოდა ისრაელის გრძელვადიან პოლიტიკას, რომელიც მიზნად ისახავდა რელიგიური დღესასწაულების პერიოდში დაძაბულობის შეზღუდვას, იყო ვარაუდი, რომ ახალი მთავრობა შეიცვლიდა კურსს, ვინაიდან ულტრამემარჯვენე ეროვნული მინისტრი ბენ გვირი ცდილობდა ებრაელებისთვის იერსულიმის მოლოცვის ნება რამადანის დასრულებამდეც დაერთოთ. 

გადაწყვეტილება ცნობილი გახდა რამდენიმე საათის შემდეგ, რაც ჰამასმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც პალესტინელებს მოუწოდა, რამადანის ბოლო ათი დღის განმავლობაში ჯგუფურად შეიკრიბონ ალ-აქსას მეჩეთის მწვერვალზე და არ დატოვონ ადგილი. მათ ასევე გააფრთხილეს ისრაელი, არ დაუშვან ებრაელების ვიზიტები იმავე ტერიტორიაზე, როგორც ეს გასული წლების რამადანის პერიოდში ხდებოდა.

ტაძრის მთა არის წმინდა ადგილი როგორც ებრაელებისთვის, ისე მუსლიმებისთვის. დღესდღეობით, ტაძრის მთაზე მუსლიმებს უფლება აქვთ ილოცონ, ხოლო არამუსლიმებს მხოლოდ სტუმრობა შეუძლიათ.

წლის ეს პერიოდი ისრაელში მუდამ დაძაბულია, რადგან ებრაელები პასექს, არაბები კი რამადანის წმინდა თვეს აღნიშნავენ. 2021 წელს მსგავსი დაძაბულობა 11-დღიან ომში გადაიზარდა. ჰამასმა და სხვა პალესტინურმა ჯგუფებმა მაშინ 3 000-ზე მეტი რაკეტა ისროლეს, ისრაელს კი საპასუხო იერიშები მიჰქონდა. კონფლიქტი ეგვიპტის შუამავლობით დასრულდა.

დაძაბულობის ზრდა 5 აპრილს, იერუსალიმში მდებარე ალ-აკსას მეჩეთში პალესტინელებსა და ისრაელის პოლიციას შორის შეტაკებამ გამოიწვია.

ირანის მიერ მხარდაჭერილ ჰეზბოლას ახლო კავშირები აქვს ღაზის სექტორში მოქმედ პალესტინურ დაჯგუფებებთან: ჰამასთან და ისლამურ ჯიჰადთან.

კომენტარები