მოლდოვა-ევროკავშირი

სანდუ ევროპული მომავლის მხარდასაჭერად მოლდოველებს აქციაზე გამოსვლისკენ მოუწოდებს

10 აპრილს მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ მოლდოველებს 21 მაისს კიშინიოვში შეკრებისკენ მოუწოდა, რათა ქვეყნის ევროპულ მომავალს დაუჭირონ მხარი. 

"მე წამოვაყენე ინიციატივა, მოვიწვიოთ მოქალაქეთა შეხვედრა კიშინიოვში, რათა ვუთხრათ მსოფლიოს, რომ ჩვენ ვართ ევროპელები და ეს არის გზა, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ.

მოვუწოდებ ყველას - ფერმერებს, მასწავლებლებს, სტუდენტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მეწარმეებს, ექიმებს, კულტურის მოღვაწეებს, კერძო სექტორის თანამშრომლებს, საჯარო მოხელეებს - გავერთიანდეთ და მხარი დავუჭიროთ ჩვენს საერთო ოცნებას. მოდით ვაჩვენოთ, რომ ჩვენ გვინდა მშვიდობა. ჩვენ გვინდა, რომ ევროკავშირი სახლში იყოს ჩვენთან ერთად" - თქვა პრეზიდენტმა სატელევიზიო მიმართვისას.

მოლდოვა, რომელსაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა 2022 წლის ივნისში, რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ მზარდი ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდა.


თებერვალში მაია სანდუმ დაადასტურა, რომ უკრაინულმა მხარემ მას კრემლის გეგმა გადასცა, რომელიც მოლდოვაში სიტუაციის დესტაბილიზაციასა და სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას ისახავდა მიზნად. 

დოკუმენტის მიხედვით, კრემლი დივერსანტების ჩამოყვანას რუსეთიდან, ბელარუსსა და ბალკანეთიდან აპირებდა. 

"ეს არის მოკლევადიანი გეგმა, რომელიც ითვალისწინებს სამხედრო მომზადების პირების მიერ სახელმწიფო დაწესებულებებზე თავდასხმასა და მძევლების აყვანას". - ამბობს სანდუ. 

კომენტარები