დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

სირიიდან გოლანის მაღლობის მიმართულებით 6 რაკეტა ისროლეს, ისრაელმა იერიშებით უპასუხა

ისრაელის სამხედროები სირიის საზღვართან პატრულირებაზე, 2023 წლის 29 იანვარი.
Michael Giladi/Flash90

ისრაელის მიერ კონტროლირებადი გოლანის მაღლობის მიმართულებით სირიიდან 6 რაკეტა ისროლეს. რაკეტების გაშვება ორ ნაკადად მოხდა, ორსაათიანი შუალედით.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, სამი რაკეტა ისრაელის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. პირველად ნასროლი რაკეტებიდან ერთ-ერთი მეზობელ იორდანიაში ჩამოვარდა.

თავდასხმებზე პასუხისმგებლობა აიღო ადგილობრივმა პალესტინურმა დაჯგუფებამ - ლივა ალ-ყუდსმა (იერუსალიმის ბრიგადა).

რაკეტების მეორედ სროლის შემდეგ, ისრაელის თავდაცვის ძალებმა სამხრეთ სირიაში არტილერიითა და დრონებით იერიშები მიიტანეს. მათი სამიზნე რაკეტების გამშვები დანადგარები იყო. ამის შემდეგ ისრაელმა დამატებითი საჰაერო იერიშები მიიტანა სირიის დედაქალაქი დამასკოს მახლობლად.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა მომხდარზე პასუხისმგებლობა სირიის მთავრობას დააკისრა.

6-7 აპრილს ისრაელმა, ღაზის სექტორიდან და ლიბანიდან რაკეტების სროლის პასუხად, ამ ტერიტორიებზე იერიშები მიიტანა. მათი სამიზნე ღაზის სექტორის მმართველი რადიკალური დაჯგუფების, ჰამასის 10-მდე ობიექტი იყო. იერიშები მიიტანეს ჯგუფის გვირაბებზე, იარაღის საწარმოებსა და რაკეტის გამშვებ დანადგარებზე. 

გასულ დღეებში პალესტინურმა ჯგუფებმა ღაზის სექტორიდან 40-ზე მეტი რაკეტა ისროლეს. 

აქამდე, ლიბანის სამხრეთიდან, რომელსაც ირანის მიერ მხარდაჭერილი რადიკალური დაჯგუფება ჰეზბოლა აკონტროლებს, ისრაელის მიმართულებით 34 რაკეტა ისროლეს. ჰეზბოლას პასუხისმგებლობა არ აუღია, თუმცა აქ მოქმედი პალესტინური დაჯგუფებები მსგავს თავდასხმას მათი ნებართვისა და ინფრასტრუქტურის გარეშე ვერ განახორციელებდნენ. ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებენ, რომ სამხრეთ ლიბანში იერიშები ჰამასის აქ მყოფი განშტოების ინფრასტრუქტურაზე მიიტანეს. ჰეზბოლას მიერ კონტროლირებად სამხრეთ ლიბანში, სადაც პალესტინელ ლტოლვილთა ბანაკებია, ჰამასს გარკვეული გავლენები აქვს.

ისრაელის თავდაცვის ძალებში ამბობენ, რომ სამხრეთ ლიბანში ჰამასს მოქმედების საშუალებას არ მისცემენ და მათ თავდასხმებზე პასუხისმგებლობას ლიბანს აკისრებენ.

უსაფრთხოების საბჭოს კრებაზე ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ქვეყანაში სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებული მიმდინარე შიდა უთანხმოება იერუსალიმს მტკიცე პასუხის გაცემაში ხელს ვერ შეუშლიდა.

დაძაბულობის ზრდა 5 აპრილს, იერუსალიმში მდებარე ალ-აკსას მეჩეთში პალესტინელებსა და ისრაელის პოლიციას შორის შეტაკებამ გამოიწვია. წლის ეს პერიოდი ისრაელში მუდამ დაძაბულია, რადგან ებრაელები პასექს, არაბები კი რამადანის წმინდა თვეს აღნიშნავენ. 2021 წელს მსგავსი დაძაბულობა 11-დღიან ომში გადაიზარდა. ჰამასმა და სხვა პალესტინურმა ჯგუფებმა მაშინ 3 000-ზე მეტი რაკეტა ისროლეს, ისრაელს კი საპასუხო იერიშები მიჰქონდა. კონფლიქტი ეგვიპტის შუამავლობით დასრულდა.

ირანის მიერ მხარდაჭერილ ჰეზბოლას ახლო კავშირები აქვს ღაზის სექტორში მოქმედ პალესტინურ დაჯგუფებებთან: ჰამასთან და ისლამურ ჯიჰადთან.

კომენტარები