სასამართლო კლანის სანქცირება

"კონსპირაციაა" – დეგნანი ქომინსის არშემოშვებასა და სახდეპის სანქციებს შორის კავშირზე

აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი იმედთან ინტერვიუში ამბობს, რომ საქართველოში აშშ-ის მოქალაქის მარშალ ქომინსის არშემოშვებასა და სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ქართველი მოსამართლეების სანქცირებას შორის კავშირი არ არსებობს და ეს კონსპირაციული თეორიების ნაწილია, რომელსაც ქართული ოცნება ხშირად იმეორებს.

"არანაირი კავშირი არ არის [ქომინსის არშემოშვებასა და მოსამართლეების სანქცირებას შორის]. ეს კონსპირაციული თეორიების ნაწილია, რაც გვინახავს, რასაც ხშირად იმეორებს მმართველი პარტია. ეს აბნევს საზოგადოებას. აშშ-ს აქვს ძალიან ხანგრძლივი ისტორია საქართველოს დახმარების, რასაც ვაკეთებთ ეს არის საქართველოს დასახმარებლად - ძლიერი ეკონომიკის, ძლიერი თავდაცვის ხელშესაწყობად. ამისთვის ვართ საქართველოში". - ამბობს დეგნანი.

სუს-ის ხელმძღვანელი ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე, სპეციალისტი ევრაზიის საკითხებში ჯეიმსონ მარშალ ქომინსი რამდენიმე დღის წინ საქართველოში არ შემოუშვეს. გრიგოლ ლილუაშვილის მტკიცებით, ქომინსის საქმიანობა უკავშირდებოდა 7-8 მარტის აქციებზე, "დესტრუქციულად განწყობილი ჯგუფების დატრენინგებას, მითითებების მიცემას და ა.შ". 


ვინ არიან სანქცირებული პირები?

  • უვადო მოსამართლე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე – მიხეილ ჩინჩალაძე;
  • უვადო მოსამართლე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი – ლევან მურუსიძე;
  • იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე – ირაკლი შენგელაია;
  • ყოფილი მოსამართლე, სააპელაციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე – ვალერიან ცერცვაძე.

სანქცირებულ პირებს და მათი უშუალო ოჯახის წევრებს აეკრძალათ ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა.

როგორც აშშ-ს საელჩო აღნიშნავს, სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს აქვს სანდო ინფორმაცია, რომ სანქცირებული პირები ჩართული იყვნენ მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში სასამართლოში მათი მოქმედი თუ წინა თანამდებობებზე ყოფნის პერიოდში.

კომენტარები