ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ხაბეიშვილი: ხელისუფლებამ რიკოთი 9 აპრილის აქციის შიშით ჩაკეტა

კადრი ვიდეოდან/მთავარი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის თქმით, რიკოთის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის აკრძალვის მიზეზი 9 აპრილს რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი აქციაა. ხაბეიშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებამ გზა აქციის შიშით ჩაკეტა, რადგან, მისივე განცხადებით, მათ იციან, რომ დასავლეთ საქართველოდან თბილისში ჩამოსვლას ბევრი ადამიანი აპირებს.

"რიკოთის უღელტეხილი 2 კვირით ჩაკეტეს. ფაქტობრივად, დასავლეთ საქართველო მოწყვიტეს. მინდა გითხრათ, რომ ღამე 2-3 საათი იქ სატვირთო მანქანებს უშვებენ. სატვირთოებისთვის არ არის სახიფათო და არ შეიძლება, რომ სატვირთო მანქანა გადავარდეს სადმე, მეწყერსაშიში თუ არის? ეს ხდება იმისთვის, რომ მათ 9 აპრილის ეშინიათ. იციან ხალხის განწყობა, რომ დასავლეთ საქართველოდან ძალიან ბევრი ადამიანი აპირებს წამოსვლას. იძულებულს ნუ გაგვხდიან, რომ ჭორვილაში, სახლში მივაკითხოთ ბიძინა ივანიშვილს. იმიტომ, რომ ამ ადამიანებს აქციაზე წამოსვლა უნდათ. დარწმუნებული ვარ, თბილისში 2-ჯერ, 3-ჯერ, 5-ჯერ უფრო მეტი ადამიანი წამოვა, როცა უყურებენ, რომ 9 აპრილის შიშით მათ რიკოთი დაკეტეს. ახლა ათას სისულელეს ბლუყუნებენ, რომ თურმე რაღაც კვლევებს ატარებდნენ. აქამდე სად იყვნენ? ახლა ატარებენ კვლევებს? გვირაბს რომ აშენებ, კვლევა მანამდე არ უნდა ჩაატარო? ან გზა თუ გასაწმენდია, რათ უნდა ამას 5 კვირა. ხალხი გვირაბებს აშენებს 48 საათში". - თქვა ხაბეიშვილმა ტელეკომპანია ფორმულას ეთერში. 

საავტომობილო გზების დეპარტამენტში კი აცხადებენ, რომ რიკოთის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 149-ე კმ-თან (რიკოთის მონაკვეთი) გააქტიურებული მეწყრული პროცესის გამო აიკრძალა. დეპარტამენტში ასევე ამბობენ, რომ პარალელურად, ადგილობრივი და საერთაშორისო სპეციალისტების ჩართულობით, მეწყრული უბნის შესწავლისა და კვლევის აქტიური პროცესი დაიწყო.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 9 აპრილს თბილისში, რუსთაველზე აქციას გამართავს. პარტიის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის თქმით, აქციაზე მთავარი მოთხოვნები ევროკავშირის 12 პუნქტის შესრულება, ლაზარე გრიგორიადისის, მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას გათავისუფლება იქნება.

 

კომენტარები