საპენსიო რეფორმა

ფისკალური მდგრადობის შესანარჩუნებლად საჭიროა საპენსიო ასაკის გაზრდა – კვლევა

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) საქართველოს საპენსიო რეფორმაზე კვლევას აქვეყნებს, სადაც განხილულია  დაგროვებითი საპენსიო სისტემის რეფორმა და მასზე საპენსიო ასაკის გავლენა. IDFI-ის რეკომენდაციით, პენსიონერების მზარდი რაოდენობის ფონზე ქვეყნის ფისკალური მდგრადობის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია საპენსიო ასაკის გაზრდა.

საქართველოში საპენსიო ასაკი 65 წელია, თუმცა ქალებს პენსიაზე გასვლა 60 წლიდან შეუძლიათ. საქართველოში 2012-2022 წლებში ასაკით პენსიის მიმღებთა რიცხვი 125 440 ადამიანით (18.3%) გაიზარდა, მაშინ როდესაც ამავე პერიოდში ქვეყნის მოსახლეობა შემცირდა 50.7 ათასი ადამიანით, რაც მოსახლეობის 1%-იანი შემცირებაა. ხოლო პენსია, როგორც ბიუჯეტის ხარჯების წილი -16%-იდან 19%-მდე (1.817 მლრდ. ლარით), რაც 2023 წლის ხარჯების 21%-ს მიაღწევს.

ქვეყნების გამოცდილება

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, რომ სულ უფრო იზრდება იმ ქვეყნების რიცხვი, სადაც აცნობიერებენ, რომ პენსიონერების რაოდენობის ზრდა ტვირთად აწევს ეკონომიკას და აფერხებს მის განვითარებას, მაგ. ა.შ.შ-შისენტ-ლუისის ფედერალური ბანკის სარეზერვო საბჭოს მიხედვით, 2021 წლის ოქტომბერში ამერიკაში 3.3 მლნ.-ით მეტი პენსიონერი იყო, ვიდრე 20 თვით ადრე. Pew Research Centre-ის მიხედვით კი, 55 წელზე უფროსი ასაკის ამერიკელების ნახევარზე მეტმა დატოვა სამუშაო ძალა, რაც 48%-ით აღემატება 2019 წლის მესამე კვარტლის იმავე მაჩვენებელს.

არაერთ ქვეყანაში პენსიონერების რაოდენობის ზრდასთან ერთად:

  • გაიზარდა საპენსიო ასაკი, მაგ., ნიდერლანდებში 2013 წლიდან 2022 წლამდე საპენსიო ასაკი ნელ-ნელა გაიზარდა 65-დან 67 წლამდე და სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობის ზრდის გამო კვლავ იგეგმება საპენსიო ასაკის ზრდა; დანიაში 2019-22 წლებში 65-იდან 67 წლამდე; საფრანგეთში, 62-იდან 64 წლამდე, სადაც საპენსიო ასაკის ზრდის მცდელობები საერთო ეროვნულ წინააღმდეგობას და მაპარალიზებელ გაფიცვებს იწვევს.
  • აქტიურად დაიწყო საპენსიო ასაკის ზრდის მიმართულებით მოძრაობა, მაგ., გერმანიაში, შვედეთში, ბელგიაში, იაპონიაში, ესპანეთში.
  • აქტიურად განიხილება საპენსიო წესების ცვლილება, რომ პენსიაზე გასულებს ჰქონდეთ სამსახურში დაბრუნების სტიმული, მაგ. გაერთიანებულ სამეფოში, ირლანდიაში. გაერთიანებულ სამეფოში, სახელმწიფო საპენსიო ასაკის ამჟამინდელი ზღვარი (66 წელი როგორც კაცების, ისე ქალებისთვის) 67 წლამდე გაიზრდება 2028 წელს და 68 წლამდე 2046 წელს. 1978 წლის 6 აპრილის შემდეგ დაბადებულებისთვის სახელმწიფო საპენსიო ასაკის ზღვარი 68 წელი იქნება.  

"საქართველოში საპენსიო ასაკის ზრდა არ იწვევს ისეთ წინააღმდეგობას, როგორც ზოგიერთ სხვა ქვეყანაში, მაგ., საპენსიო სისტემის რეფორმის მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულების სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის გამოკითხვის მიხედვით, კითხვაზე რამდენად მიზანშეწონილია საპენსიო ასაკის გაზრდა, რაც სახელმწიფოს მისცემს შესაძლებლობას, რომ დაზოგილი საბიუჯეტო, ისევე როგორც მოქალაქეთა მიერ დაგროვილი თანხები მოხმარდეს ეკონომიკის ზრდას, რესპონდენტთა 27.9% არ ეწინააღმდეგება  საპენსიო ასაკის გაზრდას, 72.1% კი კატეგორიულად ეწინააღმდეგება, მაშინ როცა, მაგალითად, საფრანგეთში მოსახლეობის გაცილებით დიდი ნაწილი ეწინააღმდეგება მაკრონის საპენსიო რეფორმას, რაც ასაკის 62-დან 64 წლამდე ზრდას ითვალისწინებს." - წერია IDFI-ის კვლევაში.

 

7 თებერვალს, საფრანგეთის მთავრობის ინფორმაციით, ქუჩებში 757 000 ადამიანი გამოვიდა, რამაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხება გამოიწვია. დემონსტრანტები პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიერ შეთავაზებულ საპენსიო რეფორმას აპროტესტებდნენ, რომელიც საპენსიო ასაკის ორი წლით, 64 წლამდე გაზრდას გულისხმობდა.

საფრანგეთის კანონმდებლობის მიხედვით, უნდობლობის საკითხის არ დაკმაყოფილების შედეგად, საპენსიო კანონპროექტი მიღებულად ითვლება.

კომენტარები