აშშ-ევროკავშირი-ჩინეთი

ბორელი: ჩინეთს აქვს მორალური ვალდებულება წვლილი შეიტანოს სამართლიან მშვიდობაში

ჯოზეფ ბორელი
REUTERS/Yves Herman/File Photo

უსაფრთხოებისა და საგარეო ურთიერთობების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის თქმით, ჩინეთს აქვს მორალური ვალდებულება წვლილი შეიტანოს სამართლიან მშვიდობაში. ამის შესახებ ბორელმა ბრიუსელში აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

ბორელის თქმით, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის შეწყვეტას არ აპირებს და პუტინის სურვილი ბელარუსის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის განთავსების შესახებ, არის ომის ესკალაცია, რაც საფრთხის შემცველია ევროპის უსაფრთხოებისთვის.

"ირონიულია, რომ ეს ხდება ჩინეთის პრეზიდენტის მოსკოვში სტუმრობის შემდეგ, სადაც მან მშვიდობის აუცილებლობაზე ისაუბრა. პუტინი და  სი ძინფინგი შეთანხმდნენ, რომ ბირთვული იარაღის საზღვარგარეთ განთავსება დაუშვებელია, რამდენიმე დღეში კი რუსეთი ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს აგზავნის ბელარუსში". - თქვა ბორელმა.

ამავდროულად, ბორელმა აღნიშნა, რომ ენტონი ბლინკენთან შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ჩინეთის როლი და მხარდაჭერა რუსეთის მიმართ იმ დროს, როდესაც მოსკოვი გაეროს ქარტიას უხეშად არღვევს.

"არსებობს მკაფიო მოლოდინი გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედი წევრისგან, რომ ის მტკიცედ დადგეს წესებზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგის სადარაჯოზე. ჩინეთს აქვს მორალური ვალდებულება, წვლილი შეიტანოს სამართლიანი მშვიდობის დამყარებაში. ის არ უნდა დადგეს აგრესორის მხარეს და არ უნდა დაუჭიროს მხარი სამხედრო აგრესიას. ეს არის ჩვენი გზავნილი ჩინეთისადმი". - თქვა ბორელმა.

კომენტარები