თათია სამხარაძე

სამხარაძემ რამიშვილისა და ბერიძის მხრიდან სავარაუდო ადევნების ფაქტზე შსს-ს მიმართა

კადრი ვიდეოდან / ფორმულა

თათია სამხარაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა და გამოძიების დაწყება მის მიმართ ტელეკომპანია POSTV-ის ხელმძღვანელის, შალვა რამიშვილისა და მისი თანამშრომლის მხრიდან ჩადენილ სავარაუდო ადევნების დანაშაულთან დაკავშირებით. სამხარაძის უფლებებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი იცავს.

უფლებადამცველი ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ტელეკომპანია POSTV-ის დამფუძნებლისა და ჟურნალისტის ქმედებები თათია სამხარაძესთან დაკავშირებით შესაძლოა შეიცავდეს ადევნების დანაშაულის ნიშნებს, ვინაიდან შალვა რამიშვილისა და ნათია ბერიძის ყველა ქმედების ერთადერთ მიზანს, სავარაუდოდ, წარმოადგენდა თათია სამხარაძისთვის ფსიქიკური ტანჯვის მიყენება და იძულება შეიცვალოს ცხოვრების წესი- შეწყვიტოს შალვა რამიშვილის მხრიდან სექსუალურ შევიწროვებაზე საუბარი.

"მოტივი იყო ცალსახად შურისძიება იმ ქალზე, რომელმაც გაბედა და ხმა ამოიღო [...] მე ჩემი სიმართლე სასამართლოში უკვე დავამტკიცე, მათ შორის დავამტკიცე ქართული ოცნების სასამართლოში. ქალების მიმართ ის უნდობლობა, რომელიც მაღალი პოლიტიკური პლატფორმიდან გავიგეთ, რომ თითქოს ქალები შეიძლება ორკესტრირებულები იყვნენ – მინდა, დავარწმუნო ბატონი კობახიძეც და მდინარაძეც, რომ ქალთა სოლიდარობას არანაირი ორკესტრირება არ სჭირდება და მითუმეტეს არ სჭირდება დავით კეზერაშვილის ფინანსები.

მე მინდა ვთხოვო საერთაშორისო თანამეგობრობას და საქართველოში ევროპული ქვეყნების ელჩებს, იქნებ ისინიც დაინტერესდნენ ამ საქმის მსვლელობით". – თქვა სამხარაძემ შსს-ს დატოვების შემდეგ.

24 მარტს სამთავრობო ტელევიზია POSTV-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ენმ-ს წევრს, დიმიტრი ჩიქოვანს ჟურნალისტი თათია სამხარაძე ჰყავდა გატაცებული. ადგილზე სამართალდამცავები მივიდნენ და ბინა გაჩხრიკეს. დიმიტრი ჩიქოვანის სახლთან POSTV-ს ჟურნალისტები მომდევნო დღეების განმავლობაშიც დარჩნენ, ასევე, მივიდნენ თათია სამხარაძის სახლთან. მოგვიანებით, თათია სამხარაძემ ინფორმაცია უარყო და დახმარების თხოვნით საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიმართა. გუშინ, 27 მარტს სალომე ზურაბიშვილმა დაგმო ქალებზე ძალადობა და ხელისუფლება მის წახალისებაში გააკრიტიკა.

თათია სამხარაძემ პირველი ქალია, რომელმაც პროპაგანდისტული პოსტივის დირექტორი შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა და მას სასამართლოც მოუგო.  

ბოლო პერიოდში შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში კიდევ რამდენიმე ქალმა დაადანაშაულა. 20 მარტს შალვა რამიშვილი ჟურნალისტმა მაკო ჯაბუამ ამხილა, 21 მარტს იმავე ბრალდებით პოსტი გამოაქვეყნა კიდევ ერთმა ქალმა, გვანცა ბუდაღაშვილმა. შალვა რამიშვილს სექსუალურ შევიწროებაში კომპანია აიისას დამფუძნებელი, ანანია გაჩეჩილაძეც ადანაშაულებს.

შალვა რამიშვილი წლების განმავლობაში ქართული ოცნების მხარდამჭერი და პროპაგანდისტია. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ის გიორგი მარგველაშვილის საარჩევნო შტაბის პიარს ხელმძღვანელობდა, შემდეგ კი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობდა. 2014 წელს მან ადმინისტრაცია დატოვა და ტელეკომპანია იმედზე გადაცემას უძღვებოდა. სწორედ ამ გადაცემის თანამშრომელი იყო თათია სამხარაძე, რომელმაც რამიშვილს სექსუალური შევიწროებისთვის უჩივლა. რამიშვილთან კონტრაქტი გაწყვიტა იმედმა, რის შემდეგაც, მალევე, მან ინტერნეტ ტელევიზია POSTV დაარსა, შემდეგ კი ის ტელევიზიად გადაკეთდა.

კომენტარები