ბელარუსი

ლუკაშენკო: დამიჯერეთ, არასდროს მომიტყუებიხართ, დასავლეთი ბელარუსში შემოჭრისთვის ემზადება

ალექსანდრ ლუკაშენკო 2023 წლის 21 მარტის მიმართვაზე.

ბელარუსის ავტოკრატი ლიდერის, ალექსანდრ ლუკაშენკოს მტკიცებით, დასავლეთი ბელარუსში შეჭრისთვის ემზადება. ამის შესახებ მან ყოველწლიურ მიმართვაზე ისაუბრა.

ლუკაშენკოს აშფოთებს, რომ ბელარუსის საზღვრებთან თავმოყრილია NATO-ს ძალების დიდი რაოდენობა და ამბობს, რომ ისინი "დემონსტრაციულად ატარებენ წვრთნებს" სახელმწიფო საზღვრებთან. 

მისი შეფასებით, მხოლოდ პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებს მობილიზებული ჰყავთ 21 000 სამხედრო, 250 ტანკი, დაახლოებით 500 ჯავშანტრანსპორტიორი, 150-მდე თვითმფრინავი და ვერტმფრენი.

ლუკაშენკოს მტკიცებით, დასავლეთი ბელარუსში გადატრიალების მოსაწყობად სამხედრო დაჯგუფებებს ამზადებს.

"მიმდინარეობს პოლკების, მედროშეების, ლეგიონების სრულ ტემპში ფორმირება ბელარუსში შემდგომი გადატრიალებისთვის. მოვა დრო, ამ ყველაფერს გამოვფენთ, დღეს ამის დრო არაა, დახურული მუშაობა მიმდინარეობს. მაგრამ, დაგვიჯერეთ, არასდროს მომიტყუებიხართ, ისინი ემზადებიან ბელარუსის ტერიტორიაზე შემოსაჭრელად, რათა გაანადგურონ ჩვენი ქვეყანა". – თქვა ლუკაშენკომ.

ლუკაშენკოს თქმით, დასავლეთი ბელარუსიდან გაქცეული ხალხს "ბოევიკებად" აქცევს და ისინი ახლა გამოცდილებას უკრაინაში იღებენ.

ლუკაშენკოს მტკიცებით, დასავლეთს ბელარუსის ტერიტორიაზე შეჰყავს "ტერორისტები", რომლებსაც აიარაღებენ. მისივე მტკიცებით, დასავლეთი ბელარუსის ომში ჩართვას ცდილობს. 

კომენტარები