ქართული ოცნება

ვოლსკი: ქალი საქართველოში ტრადიციითა და კულტურული მემკვიდრეობითაც არის დაცული

ძალადობას არათუ ვემიჯნები, მე ამით ვცხოვრობ და ამით ცხოვრობს ადამიანთა უშველებელი წრე და რაოდენობა, საზოგადოების უდიდესი ნაწილი, რომელიც საქართველოში გაზრდილია, თუნდაც ტრადიციით, კანონი რომც არ იყოს ამასთან დაკავშირებით, ეს ტრადიცია არსად არ წავა, როგორი მომავალიც არ უნდა ჰქონდეს საქართველოს და ვინც არ უნდა იყოს ქვეყნის სათავეში.

პრეზიდენტის დამოკიდებულება არის სუბიექტური, დაუბალანსებელი იქიდან გამომდინარე, რომ ხელისუფლებას აბრალებს ასეთი სახის დანაშაულების წახალისებას და აბსოლუტურად ერთ ქვაბში ხარშავს ყველანაირ დანაშაულს, გადაცდომას, იქ ზოგს იმეტებს ქვაბში ჩასაგდებად, ზოგს არა და პოლიტიკური ანგაჟირების ნიშანი ახასიათებს მის ამ გამონათქვამებს. არ არის ეს სწორი დამოკიდებულება, მით უმეტეს, ეს პირდაპირ ურტყამს ერთ-ერთ მუხლს, რომელიც საქართველოს ზედმიწევნით აქვს შესრულებული რეკომენდაციებიდან, რაც ევროკავშირიდან მიიღო. საკანონმდებლო თვალსაზრისით, ქალი საქართველოში არამარტო თავის მდგომარეობით, იმ ტრადიციით და კულტურული მემკვიდრეობით არის დაცული, არამედ სამართლებრივი ყველანაირი მექანიზმი გააჩნია და სტატისტიკაც ამას უჩვენებს. 

ასე გამოეხმაურა ქართული ოცნების დეპუტატი, გიორგი ვოლსკი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც საგანგებო ბრიფინგზე სამთავრობო ტელეკომპანია POSTV-ის ხელმძღვანელის, შალვა რამიშვილის მხრიდან ქალების სექსუალური შევიწროების ფაქტების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციის შემაშფოთებელი უწოდა და ხაზი გაუსვა, რომ ხშირ შემთხვევაში სწორედ სიტყვიერი ძალადობით დაწყებული შემთხვევები ფემიციდითაც მთავრდება.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ბოლო რვა წელში საქართველოში 186 ქალი მოკლეს, აქედან 92 ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე. დროის ამავე პერიოდში 129 ქალის მკვლელობა სცადეს. 

კომენტარები