ჩინეთი-ტაივანი

ტაივანის ექსპრეზიდენტი: ჩვენ ყველა ჩინელები ვართ

Ma Ying-jeou's Office/Handout via REUTERS

28 მარტს, ტაივანის ექსპრეზიდენტმა, მა ინგ-იეუმ ჩინეთში ისტორიული ვიზიტის დასაწყისში თქვა, რომ ტაივანის სრუტის ორივე მხარეს ხალხი ეთნიკურად ჩინელები არიან და მათ ერთი და იგივე წინაპარი ჰყავთ. ვიზიტს ტაივანის მმართველი პარტია აკრიტიკებს.

"ტაივანის სრუტის ორივე მხარეს ჩინელი ხალხია და ორივე იანის და ყვითელი იმპერატორების შთამომავლები არიან." - თქვა ყოფილმა პრეზიდენტმა

მა, რომელიც თანამდებობაზე 2008-2016 წლებში იყო, არის ტაივანის პირველი პრეზიდენტი, რომელიც ეწვია ჩინეთს მას შემდეგ, რაც დამარცხებული ჩინეთის რესპუბლიკის მთავრობა 1949 წელს კომუნისტებთან სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ ტაივანში გადავიდა.

პრეზიდენტის ჩინეთში ვიზიტი გაზრდილი დაძაბულობის ფონზე მოხდა, ვინაიდან განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, პეკინი აქტიურად იყენებს სხვადასხვა სამხედრო და პოლიტიკურ საშუალებებს იმისთვის, რომ დემოკრატიულად მართულ ტაივანზე ზეწოლა მოახდინოს.

როგორც NATO-ს ყოფილი გენერალური მდივანი, ანდერს ფოგ რასმუსენი წერს, დასავლეთმა არ უნდა დახუჭოს თვალი ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინფინგის სიტყვებზე, რომ პეკინს ტაივანის "დასაბრუნებლად" აქვს ყველა საჭირო ზომის გამოყენების უფლება. რასმუსენის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პუტინი უკრაინის არსებობის უფლებას პერიოდულად ეჭვქვეშ აყენებდა, დასავლელი ლიდერები სრულმასშტაბიანი ომის დაწყების საფრთხეზე თვალს ხუჭავდნენ. ეს შეცდომები ტაივანის შემთხვევაში არ უნდა განმეორდეს. 

24 თებერვალს ცხადი გახდა, რომ მხოლოდ სანქციებით ომების თავიდან არიდება შეუძლებელია. მართალია ეკონომიკურ შეზღუდვებში რუსეთი ევროპისგან ნაკლებ ერთობას ელოდა, თუმცა დასავლეთის დაწესებულმა ზომებმა თავდაპირველი მიზანი მაინც ვერ შეასრულა. ახლა სანქციების ფუნქცია რუსეთის ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო შესაძლებლობების შეზღუდვაა. მართალია მათ გარკვეული ეფექტი აქვთ, თუმცა მოსკოვი შეზღუდვების პარალელურად კამპანიას მაინც აგრძელებს. თუ პეკინმა ტაივანზე შეჭრა გადაწყვიტა, ქვეყნის, რომლის მშპ-ც რუსეთისაზე დაახლოებით ათჯერ დიდია, მხოლოდ სანქციებით შეჩერების მცდელობა კატასტროფული შეცდომა იქნება. მხოლოდ ეკონომიკური შეზღუდვებით მიყენებული ზარალი არ კმარა იმისთვის, რომ ჩინეთმა ტაივანის ძალის გამოყენებით შემოერთებაზე ხელი აიღოს. თანაც, ჩინეთი გლობალურ ვაჭრობაში იმდენად ფესვგადგმულია, რომ მის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაში ერთსულოვნების შენარჩუნება უფრო რთული იქნება. თუ დასავლეთი და მოკავშირეები პეკინზე ეკონომიკურ დამოკიდებულებას დროულად არ შეამცირებენ, სი ძინფინგს მიეცემა იგივე თავდაჯერება, რაც პუტინს ევროპის საკუთარი ენერგორესურსებით მომარაგებამ მიანიჭა.

პეკინი თავის მხრივ რუსეთის გაკვეთილებზე სწავლობს, როგორ არ უნდა დაიგეგმოს დიდი პოლიტიკური ფასის მქონე სამხედრო კამპანია. კრემლის მთავარი შეცდომა იყო ის, რომ უკრაინაში შეჭრა მცირე პოლიტიკურმა ჯგუფმა დაგეგმა და პროცესში სამხედრო პირები არ მონაწილეობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს დაზვერვამ კრემლის გეგმები სამი თვით ადრე გამოააშკარავა და მათზე საჯაროდ ლაპარაკი დაიწყო, პუტინი დასავლეთსა და საკუთარ მაღალჩინოსნებს არწმუნებდა, რომ უკრაინაში შეჭრას არ აპირებდა. საბოლოოდ მოულოდნელობის ეფექტმა, რომელიც თავდასხმას უნდა ჰქონოდა, იმოქმედა მხოლოდ რუს რიგით და მაღალი რანგის სამხედროებზე, რომელთაც არწმუნებდნენ, რომ მათი სახელმწიფო ომს არ აპირებდა. რუსეთის იერიში სტრატეგიული თვალსაზრისით მოუმზადებლად დაიწყო, რადგან მთელი გეგმა არასწორად გამოტანილ წინასწარ შეფასებებს ეყრდნობოდა. ამ შეცდომებს პეკინიდან ყურადღებით უნდა აკვირდებოდნენ და ითვალისწინებდნენ.

კომენტარები