რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პუტინი: რუსეთისთვის უკრაინის კრიზისის დიპლომატიური მოგვარება მისაღებია

ვლადიმირ პუტინი

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი კვლავ ამბობს, რომ თითქოს რუსეთი მზად არის უკრაინაში მიმდინარე ომი დიპლომატიური გზით მოაგვაროს. ამის შესახებ ის წერს ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინფინგის რუსეთში ვიზიტის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე გამოქვეყნებულ წერილში. 

"რუსეთი ღიაა უკრაინის კრიზისის პოლიტიკურ-დიპლომატიური მოგვარებისთვის. თუმცა, ჯერ კიდევ 2022 წლის აპრილში სამშვიდობო მოლაპარაკებები შეწყდა, არა ჩვენს მიერ. მომავალი სამშვიდობო პროცესი აბსოლუტურად დამოკიდებულია, მიღებული გეოპოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით, სერიოზული საუბრის მზაობაზე. სამწუხაროდ, რუსეთის მიმართ ულტიმატუმები მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ ამ რეალობას მოწყვეტილი არიან და არ აინტერესებთ არსებული სიტუაციიდან გამოსავლის ძიება". –  წერს პუტინი. 

პუტინმა ჩინეთს მადლობა გადაუხადა, რომ პეკინს უკრაინასთან დაკავშირებით მოსკოვის მიზეზებისა და წინაისტორიის "ესმის".

ამას გარდა, პუტინი თვლის, რომ რუსეთი პატივს სცემს გაერო-ს წესებსა და საერთაშორისო დადგენილებებს.

24 თებერვალს, უკრაინაში ომის დაწყების წლისთავზე პეკინმა გამოაქვეყნა "სამშვიდობო გეგმა". უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მაშინ თქვა, რომ ჩინეთის გეგმაში არსებობდა პუნქტები, რომლებზე მუშაობაც შესაძლებელი იყო, თუმცა ზოგიერთ მოსაზრებას არ ეთანხმებოდა. აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ ჩინეთის გეგმის შესრულება მხოლოდ რუსეთის სასიკეთოდ იმოქმედებდა.

კომენტარები