რუსული კანონი

თორნტონი: პასუხისმგებლობა საქართველოს მოქალაქეებზეა, რომ ოცნებაზე 2024 წელს უარი თქვან

ლორა თორნტონი
ტაბულა

გერმანიის მარშალის ფონდში დემოკრატიის დაცვის ალიანსის დირექტორმა და საქართველოში NDI-ის ოფისის ყოფილი ხელმძღვანელმა, ლორა თორნტონმა Foreign Policy-ზე გამოაქვეყნა სტატია, სათაურით – რუსეთი ქართველ დემონსტრანტებზე განრისხებულია, რომელშიც საქართველოში რუსული კანონის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხება. 

სტატიაში თორნტონი აღნიშნავს, რომ ქართული ოცნებისა და რუსეთის ნარატივები, რომ დემონსტრაციების მიზანი სახელმწიფო გადატრიალება იყო, ერთმანეთს ემთხვევა.

თორნტონის თქმით, ფაქტი, რომ პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დემონსტრანტებს "დესტრუქციულ ანარქისტებს" უწოდებს, ამბობს, რომ "სატანის ფორმები" ეცვათ და გადატრიალების მიზანი "მეორე ფრონტის" გახსნა იყო, მიუთითებს იმაზე, რომ ეს "არაა იმ მთავრობის ენა, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების განადგურებაზე უარს ამბობს". თორნტონი ამავეს აღნიშნავს ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის სიტყვებზე, რომ საპროტესტო აქციები იყო "ლიბერალური ფაშიზმის კამპანია", რომელსაც "LGBT პროპაგანდა" ამოძრავებდა.

"სავარაუდოდ, მთავრობამ მხოლოდ შეისვენა, სანამ ის კანონის პარლამენტში გატანას ხელახლა ეცდება". – წერს თორნტონი.

თორნტონი აღნიშნავს, რომ საქართველოში, რომელიც კავკასიაში დემოკრატიით გამოირჩეოდა, ახლა დემოკრატიული უკუსვლაა და მისივე თქმით, ამის მთავარი მიზეზი "ყოფილი პრემიერმინისტრის, ერთ დროს რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის ჩრდილოვანი მმართველობაა". თორნტონი ხაზს უსვამს, რომ ივანიშვილს ქართული ოცნების გასაკონტროლებელი ზომები გააჩნია.

როგორც თორნტონი წერს, მმართველმა პარტიამ საკუთარი გავლენა გაამყარა სახელმწიფო ინსტიტუციებში, როგორებიცაა უსაფრთხოების სამსახური, პოლიცია და საჯარო სამსახურების.

თორნტონის აზრით, ბოლო რამ, რაც მთავრობას გასაკონტროლებელი დარჩა, "ცოცხალი და კრიტიკული სამოქალაქო სექტორია", რისთვისაც ინიცირებული იყო ახალი კანონი.

NDI-ის ოფისის ყოფილმა ხელმძღვანელმა მაგალითად მოიყვანა კამბოჯის შემთხვევა, სადაც პრემიერმინისტრმა ჰუნ სენმა, რომელსაც თითქმის ყველა სექტორზე გავლენა 2010-იან წლებში უკვე მოპოვებული ჰქონდა, მაგრამ არსებობდა აქტიური სამოქალაქო სექტორი, არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ საქართველოში ინიცირებული რუსული კანონის მსგავსი რეფორმა გაატარა. "კანონმა დემოკრატიის ყველანაირი წინაპირობა დაასრულა", – წერს თორნტონი. 

თორნტონმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა, რუსეთის მსგავსად, ამბობდა, რომ ახალი კანონი ეფუძნებოდა ამერიკულ კანონს - უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტს (FARA), თუმცა, რეალურად, ეს კანონი მხოლოდ ლობისტების რეგისტრაციას მოითხოვს და მათ "უცხოური აგენტის" იარლიყს არ აკრავს.

თორნტონი წერს, რომ "რუსეთი საქართველოს დემოკრატიული უკუსვლით აღფრთოვანებულია", რადგან ეს ხელს შეუშლის ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. მისივე თქმით, "რუსეთის სასიამოვნოდ", ქართული ოცნების ლიდერები შეურაცხყოფდნენ ევროპარლამენტარებს, ამერიკელ დიპლომარებსა და NATO-ს ლიდერებს.

თორნტონის აზრით, ქართული ონცება "ამჟამინდელი კურსის დატოვებას არ აპირებს". 

და აორმაგებს კამპანიას ქართველი დემოკრატების წინააღმდეგ, ადანაშაულებს მათ ქართული კულტურისა და ქრისტიანობისთვის საფრთხის შექმნაში. თორნტონი ხაზს უსვამს, რომ ეს ტაქტიკა უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის მეთოდებს ჰგავს და იმეორებს რუსული პროპაგანდის იმ თემატიკას, რომელსაც კრემლი საქართველოში წლების განმავლობაში ავრცელებდა ისეთი ულტრამემარჯვენე მოძრაობებით, როგორებიცაა ალტ-ინფო, ქართული მარში და მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი.

თორნტონის შეფასებით, რუსეთი საქართველოში გავლენის ზრდის მცდელობებს განაგრძობს და დასავლეთმა ქართულ ოცნებაზე ზეწოლა უნდა გაზარდოს, რათა რეფორმები გაატარონ, პარალელურად სამოქალაქო სექტორს დაეხმაროს. თუმცა, თორნტონი აღნიშნავს, რომ პირველ რიგში, მთავრობის შეცვლაზე პასუხისმგებელია ქართველი ხალხი, რაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე შეუძლიათ.

"საპროტესტო აქციებმა აჩვენა, რომ გაბრაზებულ მოქალაქეებს საქართველოს დემოკრატიისთვის ბრძოლის ნამდვილად არ ეშინიათ. თუმცა, ეს მხოლოდ საშინაო დაპირისპირება არაა. რუსეთის იმპერიალისტური ამბიციები ექსპანსიურია და კრემლი გავლენის ოპერაციებს განაგრძობს, რათა დარწმუნდეს, რომ საქართველო დემოკრატიისა და დასავლეთის გზაზე არ დარჩება. აშშ-მ და ევროპელმა ლიდერებმა, საპასუხოდ, ქართული ოცნების მთავრობაზე ზეწოლა უნდა გაზარდონ, რათა გაატარონ რეფორმები, პარალელურად უნდა გამონახონ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების, მათ შორის დამოუკიდებელი მედიისა და დემოკრატიული აქტივისტების მხარდაჭერისა და დახმარების გზები. თუმცა, პირველ რიგში, პასუხისმგებლობა იქნება ქართველ ამომრჩეველზე, რომელთა მომდევნო შანსი, შეცვალონ ანტიდემოკრატიული მთავრობა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე იქნება. ქართველებმა წარსულში ქვეყნის გზა შეცვალეს და ამის გაკეთება კვლავ შეუძლიათ". – წერს თორნტონი.

კომენტარები