საქართველო-უკრაინა

დანილოვი: საქართველოსა და მოლდოვის ოკუპირებული მიწების გათავისუფლება უკრაინის საქმე არაა

ოლექსი დანილოვი
AP Photo/Efrem Lukatsky

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ოლექსი დანილოვი ამბობს, რომ საქართველო და მოლდოვა რუსეთის გავლენისგან და საკუთარ ტერიტორიებზე მათი სამხედროებისგან თავად უნდა გათავისუფლდნენ, უკრაინის მონაწილეობის გარეშე. ამის შესახებ მან რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურთან ინტერვიუში ისაუბრა.

"ამით დაკავებული უნდა იყვნენ ქართველები, ამით დაკავებული უნდა იყვნენ მოლდოველები, თუ ისინი თვლიან, რომ ეს მათი ტერიტორიებია". – თქვა დანილოვმა.

დანილოვის აზრით, ქვეყნები, სადაც რუსეთს გავლენა აქვს, ვერ განვითარდებიან.

"მაგალითად, მოლდოვა ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ დიდი ხნის განმავლობაში (იგულისხმება ოკუპირებული დნესტრისპირეთი). ვერ ვხედავთ, რომ ამ ტერიტორიას განვითარების პერსპექტივა არ ექნება მანამ, სანამ რუსი ოკუპანტებისგან თავისუფლები არ გახდებიან. საქართველოს მაგალითი, 2008 წელს, როცა ეს ტერორისტები საქართველოს ტერიტორიაზეც შევიდნენ, მოახდინეს საქართველოს ნაწილის ოკუპაცია - იგივე სიტუაცია. ტერიტორია აბსოლუტურად განადგურებულია, ის არ ვითარდება და არ ექნება განვითარების პერსპექტივა, რადგან ასეთი ტერიტორიებში, სადაც გარკვეული ტერიტორიული დავები არსებობს, ინვესტიციას არავინ ჩადებს". – თქვა დანილოვმა. 

ამას გარდა, დანილოვმა "უცნაური" უწოდა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის წინადადებას, რომ მომავალში, რუსეთ-უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმებაში უნდა არსებობდეს საქართველოს ტერიტორიებიდან რუსეთის ჯარების გაყვანის პუნქტიც. 

"მაშინ თქვით, რომ ეს თქვენი ტერიტორიაა, მაგრამ თქვით საჯაროდ, მთელი მსოფლიოს გასაგონად. ეს ბიზანტიური სტილი, რომელიც რაღაც დროის განმავლობაში პოლიტიკაში არსებობდა, წარსულს უნდა დარჩეს". – თქვა დანილოვმა.

კომენტარები