რუსული კანონი

ხელისუფლება მიზანმიმართულად სპეკულირებს მართლმადიდებელი ეკლესიით – TDI

RFE/RL

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) შეფასებით, უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტების გარშემო მიმდინარე მოვლენებმა, მმართველი გუნდის განცხადებებმა და ხელისუფლების მიერ სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წინააღმდეგ მიმართულმა დისკრედიტაციის კამპანიამ ცხადყო, რომ ხელისუფლება მიზანმიმართულად სპეკულირებს მართლმადიდებელი ეკლესიითა და საზოგადოებაში მისი ავტორიტეტით.

ორგანიზაცია წერს, რომ ხელისუფლება ღიად და დაუფარავად აწარმოებს ანტიდასავლურ პოლიტიკას, უპირისპირდება საქართველოს კონსტიტუციით გაცხადებულ მიზნებს, ადამიანის უფლებებსა და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას.

"ქვეყანაში შექმნილ კრიზისულ ვითარებაში, ხელისუფლების წარმომადგენლები, უმაღლესი თანამდებობის პირები სულ უფრო მეტად სპეკულირებენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიით, იყენებენ მის ავტორიტეტს არასამთავრობო ორგანიზაციების, უფლებადამცველების, მედიის, ოპოზიციის დისკრედიტაციისთვის და მათ წინააღმდეგ ძალადობის გასაღვივებლად. ამის დასტური 2021 წლის 5 ივლისის მოვლენებია, როცა ხელისუფლებამ არ დაიცვა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, ადამიანების სიცოცხლე, ჯანმრთელობა, კერძო საკუთრება და გზა გაუხსნა ექსტრემისტ, პრორუსულ ჯგუფებს ძალადობისკენ.

"ეკლესიის მაგინებლები", "უსამშობლოთა და ურწმუნოთა თაობა", "ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედი ორგანიზაციები", "ექსტრემისტები" – ასე მოიხსენიებენ ისინი საჯარო განცხადებებში არასამთავრობო ორგანიზაციებს, სამოქალაქო აქტვისტებსა და კრიტიკულ მედიას". – ნათქვამია განცხადებაში.

TDI ასევე ხაზს უსვამს, რომ ხელისუფლების რუსულ პროპაგანდას და ეკლესიის სახელით სპეკულირებას არ ემიჯნება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოც.

"მოცემულ კონტექსტში, ხელისუფლების მიერ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით მანიპულირება, ხოლო საპატრიარქოს მხრიდან ამ სპეკულაციურ პროპაგანდაზე დუმილი მიზანმიმართულად აქეზებს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების წინააღმდეგ სიძულვილსა და ძალადობას, ასევე აზიანებს სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთგამიჯვნის პრინციპს, ევროინტეგრაციასა და დემოკრატიულ ფასეულობებს". – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები