NATO

შვედეთის პრემიერმინისტრი: იზრდება ალბათობა, რომ ფინეთი შვედეთზე ადრე გახდეს NATO-ს წევრი

შვედეთის პრემიერმინისტრი ულფ კრისტერსონი

შვედეთის პრემიერმინისტრის, ულფ კრისტერსონის თქმით, იზრდება იმის ალბათობა, რომ ფინეთი NATO-ს წევრი შვედეთზე ადრე გახდეს, თუმცა, პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ შვედეთის ალიანსში გაწევრიანება მხოლოდ დროის საკითხია.

"რაც ვიხილეთ უკანასკნელ კვირებში მიგვანიშნებს, რომ გაიზარდა იმის ალბათობა, რომ ეს სხვადასხვა დროს მოხდეს. საბოლოოდ, არ დგას საკითხი, გახდება თუ არა შვედეთი NATO-ს წევრი, არამედ, თუ როდის მოხდება ეს". – ამბობს შვედეთის პრემიერმინისტრი. 

შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანების განაცხადი გასულ წელს შეიტანეს, თუმცა, ამას გარკვეული წინააღმდეგობა მოჰყვა თურქეთის მხრიდან, რომლის თქმითაც, ორი სკანდინავიური ქვეყანა "ტერორისტული" ჯგუფის წევრებს აძლევს თავშესაფარს. ქვეყნებს შორის მოლაპარაკებების პროცესი გასულ კვირას, ბრიუსელში გაგრძელდა. 

შეხვედრაზე თურქეთმა აღნიშნა, რომ შვედეთმა და ფინეთმა კონკრეტული ნაბიჯები გადადგეს ანკარას მოთხოვნების დასაკმაყოფილებად, რის გამოც მხარეები შეთანხმდნენ დამატებით მოლაპარაკებების გამართვაზე. 

2023 წლის თებერვალში, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ფინეთის პრემიერმინისტრმა, სანა მარინმა აღნიშნა, რომ ფინეთი NATO-ში გაწევრიანებას  შვედეთთან ერთად ისახავს მიზნად.

კონფერენციაზე მარინს ჰკითხეს, თურქეთისა და უნგრეთის წინააღმდეგობის ფონზე, სურდა თუ არა მის მთავრობას შვედეთთან ერთად NATO-ში გაწევრიანება.  

”ჩვენ გავგზავნეთ ძალიან მკაფიო გზავნილი. ჩვენ გვინდა შვედეთთან ერთად, ერთსა და იმავე დროს [NATO-ში] გაწევრიანება. ეს არ არის მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ ვართ კარგი მეზობლები და პარტნიორები, ეს ასევე ეხება უსაფრთხოების ძალიან კონკრეტულ საკითხებს." - აღნიშნა მარინმა კონფერენციის ფარგლებში,  პანელზე "გეოპოლიტიკური ევროპის დაბადება".

მისივე თქმით, როგორც ფინეთისა და შვედეთის, ისე NATO-ს სტრატეგიულ ინტერესებშია, ალიანსის წევრები ეს ორი სკანდინავიური ქვეყანა გახდეს. 

კომენტარები