EU-საქართველო

სტანო: აგენტების კანონით საქართველომ EU-ს 12 პრიორიტეტიდან ორი დაარღვია

ევროკომისიის სპიკერი პიტერ სტანო

ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის პრესსპიკერის, პიტერ სტანოს თქმით, საქართველომ აგენტების კანონით ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტიდან ორი დაარღვია. 

"უპირველეს ყოვლისა, როდესაც ჩვენ გამოვეხმაურეთ საქართველოში უცხოელი აგენტების შესახებ კანონს, ეს იყო იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც გამოავლინა ინტერესი და ფაქტობრივად განცხადებით მიმართა ევროკავშირს გაწევრიანების შესახებ. ევროკავშირმა უპასუხა, აღიარა განაცხადი და განსაზღვრა 12 პრიორიტეტი. ერთი კანონით საქართველომ მოახერხა ამ 12 პრიორიტეტიდან ორის დარღვევა. ასე რომ, ვფიქრობ, სრულიად აშკარაა, რატომ ჰქონდა ევროკავშირს რეაქცია". - უპასუხა სტანომ შეკითხვაზე, თუ რატომ არ აქვს ევროკავშირს ისრაელის სასამართლო რეფორმაზე იგივე რეაგირება, როგორც საქართველოსთან მიმართებით უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტზე ჰქონდა. 

გარდა ამისა, ბრიფინგზე სტანომ აღნიშნა, ისრაელში სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით, "ძალიან ცოცხალი დისკუსია მიმდინარეობს". 

"მიმდინარეობს დებატები, ჩვენი ადგილი არ არის შევიდეთ დებატებში, ვთქვათ რა არის არასწორი, რა არის სწორი. ამას ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით. ისრაელი ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია. ჩვენი პარტნიორობა ეფუძნება საერთო ღირებულებებსა და პრინციპებს. ასე რომ, რა თქმა უნდა, სასამართლოს დამოუკიდებლობა, კანონის უზენაესობა და დემოკრატია არის ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპები, რომლებსაც ჩვენ თვალს ვადევნებთ, რათა დავინახოთ, როგორ შენარჩუნდება ისინი. მაგრამ ჩვენ არ შევდივართ მიმდინარე დისკუსიებში, რომლებიც არ დასრულებულა". - აღნიშნა სტანომ.

კომენტარები