რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსების მიერ დახვრეტილი სამხედროს ვინაობა დაადგინა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საბოლოოდ დადასტურდა, რომ უკრაინელი სამხედრო, რომლის ოკუპანტების მიერ დახვრეტის კადრებიც რამდენიმე დღის წინ გავრცელდა, ჩერნიგოვის რეგიონის 119-ე ცალკეული ბრიგადის 163-ე ბატალიონის სნაიპერი, ოლექსანდრ მაციევსკია.

უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, დაღუპულის ვინაობის საბოლოოდ დადასტურება შესაძლებელი საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გახდა, რომელიც მაციევსკის ნათესავებსა და ახლობლებთან კომუნიკაციასა და ფოტო-ვიდეო მასალის დამუშავებას მოიცავდა.

"ის ნამდვილი გმირია, რომელმაც სიკვდილის პირისპირ დგომისას მთელ მსოფლიოს აჩვენა უკრაინული ხასიათი და შეუპოვრობა. სწორედ ასეთი მცველები იცავენ დღეს ჩვენს მიწას, რაც ნიშნავს, რომ მტერი აუცილებლად დამარცხება. დამარცხდება იმიტომ, რომ უკრაინის დიდი გამარჯვება ოლექსანდრ მაციევსკის მსგავსი ადამიანების გმირობისგან შედგება! დიდება მას! დიდება გმირებს! დიდება უკრაინას!" - წერს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, ვასილ მალიუკი. 

უსაფრთხოების სამსახური წერს, რომ ოლექსანდრ მაციევსკი სამხედრო სამსახურში 2022 წლის მარტში გამოიძახეს. დეკემბრის ბოლოდან იგი დაკარგულად ითვლებოდა. უსაფრთხოების სამსახურის ვერსიით, მაციევსკი 2022 წლის 30 დეკემბერს დახვირტეს. მისი ცხედარი სახლში კი 2023 წლის თებერვალში დააბრუნეს. 

აქამდე უკრაინის გენშტაბმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაღუპული სამხედრო სავარაუდოდ თავად კონსტანტინ ოსტროზკის სახელობის 30-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის სამხედრო ტიმოფეი შადურა იყო. შადურა უგზო-უკვლოდ დაკარგულად 2023 წლის 3 თებერვლიდან, ქალაქ ბახმუტის რაიონში ჩატარებული სამხედრო მოქმედებების შემდეგ ითვლება. 


გასულ კვირას მედიაში უკრაინელი ტყვის რუსების მიერ დახვრეტის ვიდეოჩანაწერი გავრცელდა. კადრებში ჩანს შეუიარაღებელი სამხედრო და ისმის ხმა: "გადაუღეთ". მამაკაცი, რომელიც ვიდეოში ჩანს, ამბობს: "დიდება უკრაინას", რის შემდეგაც მას რამდენიმე მხრიდან ცეცხლს უხსნიან და კლავენ.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა სამხედროს დახვრეტის კადრებზე გამოძიება დაიწყო.

კომენტარები