რუსული კანონი

დავით სონღულაშვილის გვერდზე რუსულ კანონზე დაწერილი პოსტი აღარ იძებნება

დავით სონღულაშვილი

ქართული ოცნების დეპუტატის, დავით სონღულაშვილის Facebook გვერდზე რუსულ კანონზე დაწერილი პოსტი, სადაც ის ამბობდა, რომ პირველი მოსმენით მიღება შეცდომა იყო და თავადაც შეცდომა დაუშვა, აღარ იძებნება.

დაახლოებით 00:00 საათისთვის, სონღულაშვილმა დაწერა, რომ "კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღება ნამდვილად შეცდომა იყო". დეპუტატმა 7 მარტს, პირველ მოსმენაზე რუსული კანონის მიღებას მხარი დაუჭირა.

"მინდა, ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს გამოვეხმაურო.

კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღება ნამდვილად შეცდომა იყო.

არ გავურბივარ პირად პასუხისმგებლობას და ვთვლი, რომ თავადაც დიდი შეცდომა დავუშვი.

ჩემს ყველა გულშემატკივარს, ყველას, ვისაც ვიცნობ და არ ვიცნობ, ყველას, ვისაც პატივს ვცემ, ახალგაზრდებს, ჩემს მეგობრებს და საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს, რომელთა აზრიც ჩემთვის მეტად მნიშვნელოვანია, ყველას გასაგონად მინდა ვთქვა: მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება, მათ შორის, პარლამენტში მოსვლის დღიდან, მიმაჩნდა და მიმაჩნია დღესაც, რომ საქართველოს გამთლიანებისა და განვითარების ერთადერთი სწორი გზა ევროპისკენაა.

ამიტომაცაა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული". - ეწერა პოსტში.

10 მარტს, პარლამენტმა რუსული კანონი II მოსმენით ჩააგდო. რეგისტრაცია 112-მა დეპუტატმა გაიარა. 1 მომხრე, 35 წინააღმდეგი - ასეთი იყო კენჭისყრის შედეგები, დანარჩენებმა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავეს. შესაბამისად, პარლამენტმა კანონის მიღების გადაწყვეტილება ვერ მიიღო და საკანონმდებლო განხილვები შეწყდება.

კომენტარები