რუსული კანონი

ბრიტანეთის საელჩო: აგენტების კანონის მიზანი დონორების ხელის შეშლა და საქმიანობის ჩახშობაა

საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო აგენტების შესახებ კანონზე განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ეწინააღმდეგება საერთო ღირებულებებს და საერთაშორისო სტანდარტების მიმართ აღებულ ვალდებულებებს.

"გაერთიანებული სამეფო იზიარებს ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორების ღრმა შეშფოთებას გუშინ პარლამენტში "უცხოური გავლენის შესახებ" კანონპროექტის დაჩქარებულად მიღების შესახებ. მიღების შემთხვევაში, შემოთავაზებული კანონი ხელს შეუშლის საქართველოს მეგობრებს და სტრატეგიულ პარტნიორებს, გააგრძელონ საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერა.

წამყვანი პოლიტიკოსების საჯარო განცხადებებიდან ჩანს, რომ ეს კანონი მიზნად ისახავს დონორების მხარდაჭერის ხელის შეშლას და ლეგიტიმური სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის ჩახშობას, რაც ეწინააღმდეგება საერთო ღირებულებებს და საერთაშორისო სტანდარტების მიმართ აღებულ ვალდებულებებს, რომელსაც ველით პარტნიორი ქვეყნისგან და რაც ეწინააღმდეგება საქართველოს გაცხადებულ მისწრაფებას ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისკენ. მოვუწოდებთ საქართველოს მმართველ ძალას, გაითვალისწინონ სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიის და საერთაშორისო პარტნიორების წუხილი, სანამ გააგრძელებენ აღნიშნულ კანონპროექტზე მუშაობას". – ნათქვამია განცხადებაში.

7 მარტს ქართული ოცნების რუსული რეჟიმის მიერ რუსული კანონის ერთერთი ვერსიის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ პარლამენტთან მასშტაბური საპროტესტო აქცია დაიწყო.

უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტი ხუთშაბათს, 9 მარტს უნდა განეხილათ, თუმცა, პარლამენტთან აქციის დაშლის შემდეგ, ფრაქცია ქართული ოცნების ლიდერი მამუკა მდინარაძე გამოვიდა ინიციატივით, კანონპროექტი იმავე დღეს განეხილათ.

აქციის მშვიდობიანი მონაწილეები პარლამენტის წინ იყვნენ შეკრებილები, როდესაც მათკენ საპოლიციო ძალები დაიძრნენ, გამოიყენეს წიწაკის სპრეი, წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი. დაახლოებით 01:30 საათზე სპეცრაზმმა პარლამენტის წინ შეკრებილი ადამიანები წყლის ჭავლისა და გაზის გამოყენებით დაშალეს, შემდეგ კი ტერიტორია თავად დაიკავეს. შსს-მ აქციაზე 66 მოქალაქე დააკავა.

უცხოური აგენტების შესახებ კანონის მეორე ვერსია 7 მარტის პლენარულ სხდომაზე არ განუხილავთ. მას შემდეგ, რაც ორივე კანონპროექტს პირველი მოსმენით მიიღებენ, დოკუმენტებს ვენეციის კომისიას გაუგზავნიან. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, "სამი თვე სჭირდება დასკვნას და არ არის ისტერია საჭირო".

კომენტარები