რუსული კანონი

ზურა ჯაფარიძის ძმა: ზურა საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას, ჯერჯერობით ჰყავთ დიღომში

ზურა ჯაფარიძე
ტაბულა

ზურა ჯაფარიძის ძმის, გია ჯაფარიძის ინფორმაციითგირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერი "დაკავებულია და არის პოლიციის მიერ "დუბინკებით" ნაცემი". მისი თქმით, ზურა ჯაფარიძე საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას. 

"ბევრი მირეკავს ზურას შესახებ და ვერ ვპასუხობ ყველას.

კი, ზურა დაკავებულია და არის პოლიციის მიერ "დუბინკებით" ნაცემი. დაზიანებები აქვს თავზე. რა ინფორმაციაც ახლა გვაქვს, ის საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას. საჭიროა ე.წ. კატეს გადაღება. ჯერჯერობით ჰყავთ დიღომში.

ინფორმირებულია სახალხო დამცველის აპარატი, არასამთავრობო ორგანიზაციები, რამდენიმე საელჩო". - წერს გია ჯაფარიძე. 

პარტია გირჩი-მეტი თავისუფლების წევრების, ზურაბ ჯაფარიძისა და ნიკა მოსიაშვილის ადვოკატი, ვახტანგ ბარამიშვილი ამბობს, რომ პოლიტიკოსები პოლიციელებმა 7 მარტს, პარლამენტთან გამართულ აქციაზე დაკავების დროს სცემეს. ადვოკატის თქმით, პარტიის ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს ხელკეტი თავის არეში ურტყეს

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 7-8 მარტს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძისა და აქციის სხვა მონაწილეების მიმართ პოლიციის მიერ უფლებამოსილების შესაძლო გადაჭარბების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.

7 მარტს ქართული ოცნების რუსული რეჟიმის მიერ რუსული კანონის ერთერთი ვერსიის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ პარლამენტთან მასშტაბური საპროტესტო აქცია დაიწყო.

უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტი ხუთშაბათს, 9 მარტს უნდა განეხილათ, თუმცა, პარლამენტთან აქციის დაშლის შემდეგ, ფრაქცია ქართული ოცნების ლიდერი მამუკა მდინარაძე გამოვიდა ინიციატივით, კანონპროექტი იმავე დღეს განეხილათ.

აქციის მშვიდობიანი მონაწილეები პარლამენტის წინ იყვნენ შეკრებილები, როდესაც მათკენ საპოლიციო ძალები დაიძრნენ, გამოიყენეს წიწაკის სპრეი, წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი. დაახლოებით 01:30 საათზე სპეცრაზმმა პარლამენტის წინ შეკრებილი ადამიანები წყლის ჭავლისა და გაზის გამოყენებით დაშალეს, შემდეგ კი ტერიტორია თავად დაიკავეს. შსს-მ აქციაზე 66 მოქალაქე დააკავა.

უცხოური აგენტების შესახებ კანონის მეორე ვერსია 7 მარტის პლენარულ სხდომაზე არ განუხილავთ. მას შემდეგ, რაც ორივე კანონპროექტს პირველი მოსმენით მიიღებენ, დოკუმენტებს ვენეციის კომისიას გაუგზავნიან. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, "სამი თვე სჭირდება დასკვნას და არ არის ისტერია საჭირო".

კომენტარები