საპროტესტო აქცია

რა უნდა ვიცოდეთ და როგორ დავიცვათ თავი საპროტესტო აქციების დროს?

ტაბულა

როგორ დავიცვათ თავი საპროტესტო აქციებზე? ტაბულა გთავაზობთ ადამიანთა უფლებების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის, Amnesty International-ის ინსტრუქციებს.

რა უნდა გააკეთოთ?

  • წინასწარ დაგეგმეთ: მოიმარაგეთ ყველა საჭირო ნივთი. იცოდეთ, რას უნდა ელოდოთ. იცოდეთ, თუ როგორ მიიღოთ დახმარება. დაკარგვის შემთხვევაში წინასწარ დაგეგმეთ, თუ როგორ იპოვნოთ აქციაზე თანმხლები პირები;
  • შეინარჩუნეთ სიმშვიდე და ფოკუსირდით: როცა ვითარების დაძაბულობა პიკს მიაღწევს, გაფრთხილების ნიშანზე სწრაფად უნდა იმოქმედოთ და არა გვიან;
  • ყურადღება მიაქციეთ თქვენში ან სხვებში ფიზიკური ან მენტალური პრობლემების ნიშნებს. დაამშვიდეთ ისინი, ვინც პანიკის ნიშნებს ავლენენ;
  • ჩაიწერეთ: გადაიღეთ ან ჩაიწერეთ პოლიციის ქმედებები, მათი სისასტიკე და მათ მიერ მიყენებული დაზიანებები.

რა არ უნდა გააკეთოთ?

  • აქციაზე წასვლისას სხეულზე არ წაისვათ ვაზელინი, მინერალური ზეთი ან ზეთისგან დამზადებული მზისგან დამცავი სითხე, რადგან მათ ქიმიური ნივთიერებების მოზიდვა შეუძლიათ;
  • ნუ გაიკეთებთ კონტაქტურ ლინზებს, რადგან მის ქვეშ ქიმიური ნივთიერებების მოხვედრით თვალი გაღიზიანდება;
  • არ გაიკეთოთ ისეთი რამ, რაც მარტივად ხელჩასავლებია (სამკაული, ჰალსტუხი, ასევე ნუ გაიშლით თმებს და ა.შ.);
  • ნუ წახვალთ მარტო. თუ შეგიძლიათ, წადით თქვენთან დაახლოებულ ჯგუფთან ან მეგობრებთან ერთად;
  • არ დაგავიწყდეთ საკვების მიღება და დიდი რაოდენობით წყლის სმა.

რა უნდა ჩაიცვათ?

  • არამტვრევადი საცურაო სათვალე და N95 მოდელის სახის ნიღაბი, გაზის საწინააღმდეგო პირბადე, არამსხვრევადი სათვალე და ა.შ.
  • კომფორტული ფეხსაცმელი, რომლითაც არ გაგიჭირდებათ სირბილი;
  • ქიმიური ნივთიერებების გამოშვების დროს ცხვირისა და პირის დასაფარად დაგეხმარებათ წყალში, ლიმონის წვენში ან ძმარში ამოვლებული ბენდენა;
  • იმ შემთხვევაში, თუ თქვენმა ტანისამოსმა ქიმიური ნივთიერებები შეიწოვა, თან წაიღეთ პოლიეთილენის პარკში ჩადებული გამოსაცვლელი ტანისამოსი;
  • ქუდი, რომელიც მზისგან და ქიმიური ნივთიერებებისგან დაგიცავთ.

რა უნდა წაიღოთ?

  • პლასტმასის ბოთლებში ჩასხმული წყალი დასალევად, თვალებისა და სხეულის დასაბანად;
  • ენერგიის მომცემი მსუბუქი საკვები;
  • იდენტიფიკაციის ბარათი ან/და სასწრაფო საკონტაქტო ინფორმაცია;
  • საკმარისი ფული, რათა საკვების, ტრანსპორტისა და სხვა საჭიროებების გადახდა შეძლოთ;
  • ინჰალატორი, ეპიპენი, ინსულინი და რამდენიმე დღის სამყოფი წამალი;
  • მენსტრუალური საფენი – თავიდან აირიდეთ ტამპონები, რადგან დაკავების შემთხვევაში, შესაძლოა, მისი გამოცვლის უფლება არ გქონდეთ;
  • პირველადი დახმარება;
  • სველი და მშრალი ხელსახოცები.

როგორ გავუმკლავდეთ ცრემლსადენ გაზსა და წყლის ჭავლს?

  • მოერიდეთ ზეთის ან ლოსიონის გამოყენებას, რადგან ქიმიური ნივთიერებების მოხვედრის შემთხვევაში ის მარტივად შეიწოვება ზეთიან ან ლოსიონიან კანზე და ახანგრძლივებს ზემოქმედებას;
  • იმ შემთხვევაში, თუ გაზის პირბადეს კარგად მოირგებთ ის საუკეთესოდ დაიცავს სახეს (ალტერნატივად შეიძლება გამოიყენოთ ბენდენა, საცურაო სათვალე, რესპირატორები);
  • შეინარჩუნეთ სიმშვიდე – პანიკა გაღიზიანებადობას ზრდის. ისუნთქეთ ნელა და გახსოვდეთ, რომ გაზი მხოლოდ გარკვეული დროით მოქმედებს;
  • შეეცადეთ, რომ ნერწყვი არ გადაყლაპოთ. მოიხოცეთ ცხვირი, გამოივლეთ პირის ღრუ, დაახველეთ და გადააფურთხეთ;
  • თუ გიკეთიათ კონტაქტური ლინზები, მოიხსენით ან ვინმე დაიხმარეთ ამაში, ვისაც სუფთა და დაუბინძურებელი ხელები ექნება. ლინზების მოხსნის შემდეგ აუცილებლად გადააგდეთ ის;
  • არ მიიკაროთ ხელი თვალებზე;
  • გამოიყენეთ თვალის წვეთები, რომელიც ნახევრად წყალს და ნახევრად ანტაციდს შეიცავს;
  • წყლის ჭავლის გამოყენების შემთხვევაში დადექით ზურგით და დაიცავით სახე ისე, რომ სუნთქვა შეძლოთ.

იცოდეთ თქვენი უფლებები

  • შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება: ყველას აქვს უფლება, რომ თავისი აზრი ქუჩაში მშვიდობიანად გაიტანოს;
  • შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლების დაცვა: სამართალდამცავმა ორგანოებმა ხელი უნდა შეუწყონ მათ და არ შეზღუდონ მშვიდობიანი საჯარო შეკრება;
  • ძალაუფლების გადაჭარბებული გამოყენების შემთხვევაში: არაძალადობრივი საპროტესტო აქციების დროს, პოლიციამ ძალის გამოყენებას თავი უნდა აარიდოს;
  • სამედიცინო დახმარების უფლება: თუ დაშავებული ხართ, გაქვთ უფლება, რომ გადაუდებელი სასწრაფო დახმარება აღმოგიჩინონ;
  • დაკავების შემთხვევაში: დაკავების დროს უფლება გაქვთ, გითხრან რისთვის გაკავებენ, ასევე დაკავების შემდეგ გაქვთ უფლება, დაუკავშირდეთ ადვოკატსა და თქვენს ოჯახს;
  • გასაჩივრების უფლება: თუ თქვენი უფლებები დაარღვიეს, მიმართეთ უფლება დამცველებს და გაასაჩივრეთ უკანონო ქმედებები.

კომენტარები