რუსული კანონი

შსს: აქციის მონაწილეების მხრიდან ადგილი ჰქონდა ძალადობას, გამოვიყენეთ პროპორციული ძალა

ტაბულა

შინაგან საქმეთა სამინისტრო მორიგ განცხადებას ავრცელებს და ისევ ირწმუნება, რომ პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეთა პროტესტი "გასცდა გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს და მიიღო ძალადობრივი ხასიათი".

"საღამოს, პლენარული სხდომის დასრულების შემდეგ, აქციის მონაწილეებმა სცადეს პარლამენტის ერთ-ერთი შესასვლელის ბლოკირება, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა. ამასთანავე, შეკრებილების მხრიდან ადგილი ჰქონდა სამინისტროს მოსამსახურეებზე ძალადობის ფაქტებს, მათ შორის სამართალდამცველთა მიმართულებით სხვადასხვა საგნის სროლას.

აქციის მონაწილეთა ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავდა რამდენიმე სამართალდამცველი, დაზიანდა საპოლიციო ტექნიკა და აღჭურვილობა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, აქციის მონაწილეები განაგრძობდნენ ძალადობრივ ქმედებებს, არ ემორჩილებოდნენ პოლიციის მითითებებს, რის შემდეგაც პოლიციამ, მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში გამოიყენა პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს. აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტს პოლიციის მხრიდან მოჰყვება მყისიერი რეაგირება და კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი" - აცხადებს შსს.


პარლამენტთან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გაუშვეს. მას შემდეგ, რაც რუსულმა რეჟიმაა რუსული კანონი მიიღო, პარლამენტთან სიტუაცია დაიძაბა. 

მობილიზებულები არიან რობოკოპები. აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გამოიყენეს წიწაკის სპრეიც. დაშავებულია რამდენიმე ადამიანი. 

76 მომხრე, 13 წინააღმდეგი - ქართულმა ოცნებამ უცხოელ აგენტებზე რუსული კანონის ერთი ვერსია, რომელსაც "ამერიკულს" უწოდებს, პირველი მოსმენით მიიღო. მეორე ვერსია დღევანდელ სხდომაზე არ განუხილავთ. მას შემდეგ, რაც ორივე კანონპროექტს პირველი მოსმენით მიიღებენ, დოკუმენტებს ვენეციის კომისიას გაუგზავნიან. შალვა პაპუაშვილის თქმით, "სამი თვე სჭირდება დასკვნას და არ არის ისტერია საჭირო".

უცხოელ აგენტებზე რუსული კანონპროექტი ხუთშაბათს, 9 მარტს უნდა განეხილათ, თუმცა, პარლამენტთან აქციის დაშლის შემდეგ, ფრაქცია ქართული ოცნების ლიდერი მამუკა მდინარაძე გამოვიდა ინიციატივით, კანონპროექტი დღესვე განეხილათ. 

კომენტარები