რუსული კანონი

შსს: თუ არ დაემორჩილებით პოლიციას, გამოვიყენებთ პროპორციულ ძალას

ტაბულა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციამ მიიღო "ძალადობრივი ხასიათი". შსს-ს განცხადებით, აქციის მონაწილეების მხრიდან "მოხდა პარლამენტის ერთ-ერთი შესასვლელის ბლოკირების მცდელობა და სამინისტროს მოსამსახურეებზე ადგილი აქვს ძალადობის ფაქტებს".

"შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, იცავს ჩვენი მოქალაქეების საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ მშვიდობიანი შეკრებებისა და მანიფესტაციის გამართვის უფლებას, ამასთანავე, მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს და პოლიტიკურ ლიდერებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები და უზრუნველყონ, რომ აქციამ არ მიიღოს ძალადობრივი ხასიათი.

აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი. იმ შემთხვევაში, თუ შეკრებილები არ დაემორჩილებიან პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას და სამართალდამცველებს გაუწევენ წინააღმდეგობას, პოლიცია გამოიყენებს კანონით გათვალისწინებული პროპორციულ ძალას, მათ შორის, სპეციალურ საშუალებებს" - აცხადებს შსს.


76 მომხრე, 13 წინააღმდეგი - ქართულმა ოცნებამ უცხოელ აგენტებზე რუსული კანონის ერთერთი ვერსია პირველი მოსმენით მიიღო. მეორე ვერსია დღევანდელ სხდომაზე არ განუხილავთ. მას შემდეგ, რაც ორივე კანონპროექტს პირველი მოსმენით მიიღებენ, დოკუმენტებს ვენეციის კომისიას გაუგზავნიან. შალვა პაპუაშვილის თქმით, "სამი თვე სჭირდება დასკვნას და არ არის ისტერია საჭირო".

უცხოელ აგენტებზე რუსული კანონპროექტი ხუთშაბათს, 9 მარტს უნდა განეხილათ, თუმცა, პარლამენტთან აქციის დაშლის შემდეგ, ფრაქცია ქართული ოცნების ლიდერი მამუკა მდინარაძე გამოვიდა ინიციატივით, კანონპროექტი დღესვე განეხილათ. 

მას შემდეგ, რაც კანონპროექტის განხილვა დაიწყო, პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა. გადაკეტილია რუსთაველის გამზირი.

კომენტარები