ბელარუსია

ბელარუსის სასამართლომ ოპოზიციის ლიდერს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

სვეტლანა ციხანოვსკაია

ბელარუსის სასამართლომ ოპოზიციის ლიდერს, სვეტლანა ციხანოვსკაიას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა

ციხანოვსკაიამ სასამართლო პროცესს ფარსი უწოდა. მისივე თქმით, ის ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებს და ჩვეულებისამებრ გააგრძელებს პოლიტიკურ მოღვაწეობას.

"15 წლით პატიმრობა, ასე დამაჯილდოვა რეჟიმმა ბელარუსში დემოკრატიული ცვლილებებისთვის გაწეული შრომისთვის. თუმცა დღეს მე არ ვფიქრობ საკუთარ სასჯელზე. ვფიქრობ ათასობით უდანაშაულო პატიმარსა და ბრალდებულზე, რომელთაც მართლაც ციხეში უწევთ სასჯელის მოხდა. არ გავჩერდები იქამდე, სანამ თითოეულ მათგანს არ გაათავისუფლებენ". - წერს სვეტლანა ციხანოვსკაია Twitter-ზე.

ბელარუსის მედიის ინფორმაციით, სვეტლანა ციხანოვსკაიას გარდა, ბელარუსის სასამართლომ კიდევ 4 ოპოზიციონერ ლიდერს მიუსაჯა 18 წლით და 12 წლით პატიმრობა. მათ შორის არის ბელარუსის კულტურის ყოფილი მინისტრი, პაველ ლატუშკო.

ადამიანის უფლებათა ორგანიზაციის, Viasna-ს ცნობით, ბელარუსს ამ დროისთვის 1 461 პოლიტპატიმარი ჰყავს.

კომენტარები