საქართველოს ეროვნული ბანკი

სებ-ის ბოლო 2 თვის მიმოხილვა: სესხების, რუსეთიდან იმპორტისა და ფულადი გზავნილების ზრდა

EADaily

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ტრადიციული “თვის მიმოხილვა” გამოაქვეყნა, რომელიც 2023 წლის იანვარი-თებერვლის თვის მაკროეკონომიკურ მონაცემებს უყრის თავს.

რეგულატორი სხვადასხვა ძირითად ეკონომიკურ პარამეტრზე კონცენტრირდება: სამომხმარებლო ფასები (ინფლაცია), საბანკო სექტორი, სავალუტო ბაზარი და საგარეო ვაჭრობის მიმოხილვა. 

  • ინფლაცია

2023 წლის თებერვალში წლიურმა ინფლაციამ 8.1% შეადგინა, ხოლო იანვართან შედარებით ფასები 0.3%-ით შემცირდა

გარდა ამისა, წლიური ინფლაციის დონე იმპორტირებული და ადგილობრივი ნაწარმის მიხედვით განსხვავებულია.

სებ-ის ინფორმაციით, ინფლაციის შემცირებას მეტწილად იმპორტირებული ინფლაციის კლება განაპირობებს. ამის მიზეზია ის, რომ ბოლო თვეებში იმპორტირებული ინფლაცია იკლებს (შემცირდა 2.9%-ით), რადგან საერთაშორისო ბაზრებზე სასაქონლო პროდუქტების ფასების გარკვეულ სტაბილიზაციას განიცდის და საერთაშორისო ტრანსპორტირების ხარჯების შემცირებასთან ერთად ლარის კურსის მყარდება

განსხვავებული მდგომარეობაა ადგილობრივად წარმოებული პროდუქტების შემთხვევაში. აღნიშნულმა მონაცემმა წინა თვესთან შედარებით მცირედით მოიკლო, თუმცა მაინც მაღალია და 13.8%-ს შეადგენს. 

სებ-ის განმარტებით, მაღალი ადგილობრივი ინფლაცია ერთი მხრივ, სურსათის (პური, ყველი, ხორცის) ფასების წლიურ ზრდას, ხოლო მეორე მხრივ, მომსახურების გაძვირებას უკავშირდება, რომელთაგანაც მნიშვნელოვანი ბინის ქირის და სანოტარო გადასახდელის გაძვირებაა.

  • საბანკო სექტორი

სებ-ის ანგარიშის მიხედვით, 2023 წლის იანვარში, საბანკო სექტორის სადეპოზიტო ვალდებულებები წლიურად 6.95 მლრდ ლარით გაიზარდა და 43.7 მლრდ ლარი შეადგინა. სადეპოზიტო ვალდებულებები წლიურად 18.9%-ით გაიზარდა. როგორც სებ-ი განმარტავს, აღნიშნული ზრდა, ძირითადად სამთავრობო სექტორის დეპოზიტების მატებამ გამოიწვია. 

ანგარიშიდან ირკვევა, რომ წინა თვესთან შედარებით, უცხოური ვალუტის დეპოზიტები 126.8 მლნ დოლარით შემცირდა, რაც ძირითადად იურიდიული პირების დეპოზიტების კლებას უკავშირდება. იანვარში, სამთავრობო სექტორის დეპოზიტების 682.4 მლნ ლარით გაიზარდა. 

გარდა ამისა, სებ-ის ანგარიში მიმოიხილავს სესხების წლიურ პროცენტულ ზრდას. კერძოდ, 2023 წლის იანვარში, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, სესხები წლიურად 13.3%-ით გაიზარდა. 

დოკუმენტის თანახმად, სესხების ზრდის ტემპი წინა თვესთან შედარებით 1.2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა. ამის მიზეზი კი უცხოური ვალუტის დაკრედიტების ზრდაა. 

  • საგარეო სექტორი

2023 წლის იანვარში  საქონლის იმპორტი წლიურად 25.2%-ით, 1 002.8 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა, ხოლო ექსპორტი წლიურად 38.5%-ით გაიზარდა და 459.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

ამასთანავე, იანვარში იმპორტირებულ საქონელში, წამყვანი წილი მსუბუქ ავტომობილებს, ასევე ნავთობპროდუქტებსა და ნავთობის აირებს (26%) ჰქონდა. 

სებ-ის ანგარიშის თანახმად, ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებიდან იმპორტის ზრდაში მაღალი წვლილი შეიტანა რუსეთმა და თურქეთმა. რუსეთის შემთხვევაში ზრდა კვლავ ნავთობისა და ნავთობპროდუქტების, ასევე ნავთობის აირების შემოტანას უკავშირდება. თურქეთიდან იმპორტის ზრდა ტანსაცმლისა და სამაცივრე მოწყობილობების ზრდას უკავშირდება.

2023 წლის იანვარში საქონლის რეგისტრირებული ექსპორტი წლიურად 38.5%-ით გაიზარდა. საქონლის ექსპორტის ზრდა მეტწილად სამომხმარებლო საქონლის ექსპორტის ზრდამ განაპირობა. რაც შეეხება შუალედური საქონლის ექსპორტს, მან მცირედით მოიმატა. 

აგრეთვე, აღსანიშნავია, რომ სებ-ის მტკიცებით, რუსეთში ფეროშენადნობებისა და მსუბუქი ავტომობილების, ყაზახეთში, ყირგიზეთსა და აზერბაიჯანში კი მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი არსებითად გაიზარდა, რამაც ექსპორტის ზრდაზე გავლენა იქონია. 

  • ფულადი გზავნილები

2023 წლის იანვარში საქართველოში გადმორიცხული თანხების მოცულობამ წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 163.5%-ით მოიმატა და 444.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო საქართველოდან გადარიცხული თანხების მოცულობა 12.7%-ით 26.3 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა.

ანგარიშიდან ირკვევა, რომ რუსეთიდან ფულადი გადმორიცხვები იანვარში კვლავ მაღალი იყო (268 მლნ აშშ დოლარი), რაც წინა წლის იმავე თვესთან შედარებით 12-ჯერ მეტია. 

  • სავალუტო ბაზარი

2023 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით, ლარის საშუალო გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 0.4%-ით გამყარდა, ხოლო ევროს მიმართ საშუალოდ 1.4%-ით გაუფასურდა.

კომენტარები