ირანი

ირანში მოსწავლე გოგოების მშობლებმა სავარაუდო მოწამვლის შემთხვევები გააპროტესტეს

4 მარტს თეირანში სკოლის მოსწავლე გოგოების მშობლები პროტესტის ნიშნად ქუჩებში გამოვიდნენ. საქმე ეხება არაერთი სკოლის მოსწავლის სავარაუდო მოწამვლას, რაც ახალგაზრდა ქალების პროტესტში ჩართვისთვის "შურისძიებად" განიხილება.

მშობლები განათლების სამინისტროს შენობასთან შეიკრიბნენ. საბოლოოდ პროტესტი ანტისამთავრობო აქციაში გადაიზარდა. 

ავადმყოფობის სიმპტომები ასობით გოგოს ირანის 30-ზე მეტ სკოლაში გამოუვლინდა. ჯადაცვის მინისტრის თქმით, გოგოები "მსუბუქად არიან მოწამლული".

ირანელი მაღალჩინოსნები გოგოების მოწამვლას ირანის მტრებს აბრალებენ. ზოგიერთი პოლიტიკოსი ამტკიცებს, რომ მოსწავლეები ექსტრემისტმა ისლამისტურმა დაჯგუფებებმა მოწამლეს, რომლებიც ქალების განათლებას ეწინააღმდეგებიან. 

"[ქალაქ] ყუმში რამდენიმე მოსწავლის მოწამვლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ზოგიერთ ადამიანს სურს ყველა სკოლის, განსაკუთრებით ქალთა სასწავლებლის, დახურვა". - თქვა განათლების მინისტრმა, იუნეს პანაჰიმ.

Guardian-თან ანონიმურობის დაცვით, ექიმმა განმარტა, რომ ხელმისაწვდომი მონაცემებით, მოწამლულ მოსწავლეს აღენიშნება ძლიერი ოფლიანობა, ჭარბი ნერწყვდენა, ღებინება, ნაწლავის ჰიპერმობილურობა და დიარეა, რაც, დიდი ალბათობით, ორგანოფოსფატურმა ნივთიერებამ გამოიწვია.

ამავე ექიმმა განმარტა, რომ მოტივი მისი აზრით "პროტესტის მონაწილეების შეშინება იყო - ექსტრემისტული ჯგუფების [რადიკალური ისლამისტების] გამოყენებით".

აღნიშნული შემთხვევების გამო ყუმში 250 მოსწავლიდან მხოლოდ 50 ესწრებოდა გაკვეთილებს. გასულ კვირას მშობლებმა მოწამვლების სერია გუბერნატორის ოფისთან გააპროტესტეს და რამდენიმე სკოლა გამოძიების გამო დაიხურა.

"მე ამას ბიოლოგიურ ტერორიზმს ვუწოდებ და ის უნდა გამოიძიოს გაერომ. ჩვენ გვჭირდება გარე ორგანიზაცია, რათა რაც შეიძლება მალე გამოიძიოს საქმე". - თქვა ირანელმა უფლებადამცველმა, მასიჰ ალინეჯადმა. 

კომენტარები