რობერტ სტურუა

სტურუას "აგენტების" კანონის მომხრე ან საწინააღმდეგო პეტიციაზე ხელი არ მოუწერია – თეატრი

3 მარტს სათეატრო სფეროს წარმომადგენლებმა რუსული კანონის წინააღმდეგ პეტიცია გამოაქვეყნეს. ბოლო მონაცემებით, პეტიციას 154 ხელმოწერა აქვს - იმ მოქალაქეებს შორის, რომლებმაც რუსული კანონის წინააღმდეგ საკუთარი პოზიცია ხელმოწერით დააფიქსირეს, გვხვდება რუსთაველის სამხატვრო დირექტორის, რობერტ სტურუას სახელი და გვარიც.  

ტაბულა რუსთაველის თეატრს დაუკავშირდა კითხვით, ნამდვილად მოაწერა თუ არა რობერტ სტურუამ ხელი პეტიციას. თეატრში გვითრეს, რომ სტურუას ხელი კანონის არც მომხრე და არც საწინააღმდეგო პეტიციაზე არ მოუწერია. 

"ბატონ რობერტს არც მოწინააღმდეგეების და არც პეტიციის მხარდამჭერებზე, არაფერზე ხელი არ მოუწერია. მას ხელი საერთოდ არაფერზე არ მოუწერია. რეპეტიციებზეა, ძალიან სერიოზული რეპეტიციები აქვს". - გვითხრეს რუსთაველის თეატრში.  


სათეატრო სფეროს წარმომადგენლების პეტიციაში ვკითხულობთ, რომ რუსული კანონის არათუ მიღება, ინიცირებაც კი შეურაცხმყოფელია საქართველოს მოქალაქეებისა და ქართული კულტურის წარმომადგენლებისთვის. მათივე შეფასებით, კანონის მიღების და ამოქმედების შემთხვევაში არ არსებობს გარანტია, რომ დაცული იქნება მათი შემოქმედებითი თავისუფლება. 

სათეატრო სფეროს წარმომადგენლები ვეხმაურებით საქართველოს პარლამენტში ინიციირებულ "უცხოეთის გავლენის აგენტების რეგისტრაციის შესახებ" კანონპროექტს. მიგვაჩნია, რომ ამ კანონის არათუ მიღება, არამედ ინიცირებაც კი შეურაცხმყოფელია საქართველოს მოქალაქეებისათვის, ქართული კულტურისა და ხელოვნების წარმომადგენლებისათვის.

თანამედროვე ქართული სათეატრო სცენა, მიუხედავად ბევრი პრობლემისა, ახერხებს შექმნას სხვადასხვა გავლენისგან თავისუფალი, მრავალფეროვანი სასცენო პროდუქცია, არაერთი მათგანი საერთაშორისო ორგანიზაციებთან კოლაბორაციის შედეგია.  ინიცირებული კანონის მიღების და ამოქმედების შემთხვევაში არ არსებობს არავითარი გარანტია, რომ დაცული იქნება ჩვენი შემოქმედებითი თავისუფლება, რადგან კანონპროექტში ჩვენი საქმიანობის პირობად დასახელებული „კეთილსინდისიერება“  მოიცავს უსასრულო ინტერპრეტაციისა და მანიპულაციის სივრცეს და გვტოვებს ტოტალიტარიზმის საფრთხის პირისპირ. 

გვინდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენ წარმოვადგენთ სფეროს, რომელსაც ყველაზე მძიმედ შეეხო საბჭოთა რეპრესიები. სიცოცხლე მოუსპეს და საქმიანობას ჩამოაშორეს ქართული თეატრის არაერთი თვალსაჩინო მოღვაწე. 

მძიმე ისტორიული გამოცდილება და საქართველოს კონსტიტუციით გამყარებული ევროპული ღირებულებებისკენ სწრაფვა გვავალდებულებს გამოვხატოთ ჩვენი ნეგატიური დამოკიდებულება აღნიშნული კანონპროექტის მიმართ და მოვუწოდოთ ინიციატორებს მისი გამოწვევისაკენ.

კომენტარები