რობერტ სტურუა

სახელმწიფომ რობერტ სტურუას ლისის ტბაზე 1 500 კვ.მ მიწა სიმბოლურ ფასად გადასცა

სახელმწიფომ რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, რობერტ სტურუას ლისის ტბაზე 1 500 კვ.მ მიწა სიმბოლურ ფასად გადასცა. ფაქტის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ტელეკომპანია პირველმა გაავრცელა.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ლისის ტბაზე, სოფელ თხინვალის მიმდებარედ მიწა, რომელზეც 177 კვ.მ ფართობის შენობა დგას, 2021 წლის 9 აგვისტოს ჯერ კიდევ სახელმწიფოს საკუთრებაში იყო. იმავე წლის 10 ნოემბერს რობერტ სტურუამ რეესტრს დაინტერესებული პირის სტატუსით მიმართა ქონებაზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით სიმბოლურ ფასად პრივატიზების საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის. დოკუმენტების თანახმად, სტურუას წარმომადგენელი მოქალაქე როინ ნოზაძე იყო. 16 ნოემბერს სტურუას განცხადება დაკმაყოფილდა.

29 ნოემბერს სტურუამ აღნიშნული მიწის როინ ნოზაძისთვის ჩუქება გააფორმა. 1 დეკემბერს ნოზაძემ მიწა გაყიდა, 2 დეკემბერს ნაკვეთის მფლობელად უკვე შპს ჯეო-ოლიმპი ფიქსირდება, რომელიც ამ მიწას დღემდე ფლობს. TV პირველის ინფორმაციით, კომპანიამ მიწის ნაკვეთში $221 000 გადაიხადა.

რობერტ სტურუამ ფაქტი უარყო. TV პირველის ჟურნალისტის კითხვაზე, იმავეს იტყოდა თუ არა დოკუმენტების ნახვის შემდეგ, სტურუა პასუხობს: "აბსოლუტურად. შევჭამ იმ დოკუმენტებს, როგორც ამერიკულ კინოებში".

სავარაუდო ფულადი სარგებლის შესახებ ჟურნალისტის კითხვას კი სტურუამ უპასუხა: "მდიდარი ვარ, ყველაზე დიდი ფული მაქვს, თქვენ ხომ იცით, რომ მე ოლიგარქი ვარ".

კომენტარები