რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბუნდესტაგის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე უკრაინაში ომისთვის მერკელს ადანაშაულებს

ბუნდესტაგის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მარი-აგნეს შთრაქ-ციმერმანის თქმით, უკრაინაზე თავდასხმისთვის პასუხისმგებლობა გერმანიის ყოფილ კანცლერს, ანგელა მერკელსაც ეკისრება. ამის შესახებ ინფორმაციას European Pravda ავრცელებს. 

ბუნდესტაგის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მერკელი 2008 წლის გადაწყვეტილებისთვის გააკრიტიკა, როცა გერმანიამ და საფრანგეთმა რუსეთის პოზიციის გამო უკრაინის NATO-ში დაჩქარებულ გაწევრიანებაზე უარი თქვეს, იმის მიუხედავად, რომ ინიციატივას ბევრი მხარდამჭერი ჰყავდა. 

შთრაქ-ციმერმანის თქმით, უკრაინისთვის NATO-ში გაწევრიანებაზე უარის თქმა "დიდი შეცდომა იყო საფრანგეთისა და ანგელა მერკელის მხრიდან". 

ბუნდესტაგის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი თავდასხმისთანავე გერმანია უკრაინის გვერდით უნდა დამდგარიყო და მისთვის იარაღი მიეწოდებინა. თუმცა ეს იქნებოდა სრულიად საპირისპირო ნაბიჯი მერკელის მიერ დაწყებული ბოლო წლების ისტორიისა, რომელიც მეტწილად მცდარ გათვლებზე იყო დაფუძნებული. 

კომენტარები