კანონპროექტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ

პუბლიკის რედაქტორი: ზურა სიტუაციას აკვირდებოდა, ვერ ვხსნი, რატომ შეიძლება დაეკავებინათ

ჩვენ გადმოვედით, პარლამენტის წინა მხარეს ვიყავით. გავიგეთ, რომ ჩიტაძეზე მიდიოდა დაკავებები, პარლამენტიდან ვიყავით ახალი გამოსულები და გვინდოდა, გვენახა, რა ხდებოდა. ვიდექით, იმ წამის გადმოსულები ვიყავით ამ ქუჩაზე, მე დავიწყე გადაღება, ზურა, უბრალოდ, იდგა. ხან ჩემ გვერდით იყო, ხან წინ წავიდა და როგორც კი დავასრულე გადაღება და მივბრუნდი,ქუჩაზე უნდა ავსულიყავი, დავინახე, ზურას აკავებდნენ. არავის განმარტება არ უთქვამს ჩვენთვის, რატომ აკავებდნენ, მიათრევდნენ, ახსნა-განმარტება არ გაუკეთებიათ. უბრალოდ, ჩემ გვერდით იდგა და აკვირდებოდა სიტუაციას. საერთოდ არანაირი ახსნა არ მაქვს, რატომ შეიძლება ის დღეს დაეკავებინათ.  

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ქუჩაში სულ რამდენიმე წუთის გამოსულები ვიყავით, ზურა, ისევე, როგორც პუბლიკის რამდენიმე თანამშრომელი, უკვე რამდენიმე დღეა, რაც პარლამენტში ინიცირებულ ამ კანონპროექტს ვაპროტესტებთ. დღეს მთელი დღის განმავლობაში ვიყავით პარლამენტში და მივცემ თავს იმის თქმის უფლებას, რომ ეს, შესაძლოა, უკავშირდებოდეს პროტესტს ამ რუსული კანონპროექტის წინააღმდეგ. 

ამბობს პუბლიკის რედაქტორი, ნათია ამირანაშვილი. პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე გამოცემის დირექტორი, ზურა ვარდიაშვილი დააკავეს, ის რუსულ კანონს აპროტესტებდა. 

კომენტარები